20 ივნისის საქმეზე დაზარალებული ლუკა პეტრიაშვილი დაიკითხა - რა თქვა მოწმემ?

22.04.26 15:47
20 ივნისის საქმეზე დაზარალებული ლუკა პეტრიაშვილი დაიკითხა - რა თქვა მოწმემ?

20 ივნისის საქმე - დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაზარალებულის სტატუსის მქონე ლუკა პეტრიაშვილი დაიკითხა. პეტრიაშვილმა დეტალურად გაიხსენა, რა ხდებოდა გავრილოვის ღამეს, სადაც მას სპეცრაზმელმა დათვის ტყვია დამიზნებით ესროლა.

პროკურატურის მოწმეს უკვე წლებია დაზარალებულის სტატუსი აქვს, თუმცა სასამართლოში დღეს პირველად დაიკითხა. 

როგორც მოწმემ განაცხადა, როდესაც აქციაზე მივიდა, სამართალდამცავი უწყების მიერ არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა, რომ დათვის ტყვიები იქნებოდა გამოყენებული. 

არ მიფიქრია რომ ტყვია მომხვდებოდა, მშვიდობიანად მივედით და არ მეგონა, რომ ვიღაც საფანტს და შემდეგ დათვის ტყვიას მესროდა - განაცხადა ლუკა პეტრიაშილმა. 

როდესაც რუსთაველისკენ მივდიოდი, ხალხის ნაწილი უკვე მიდიოდა, სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზის გამო, რადგან როდესაც იქ მივედი ცრემლსადენი უკვე გაშვებული იყო. ჩემს გარშემო სიმშვიდე იყო. როდესაც სროლა დაიწყო, დავინახე, რომ ჩემ წინ ვიღაც დაზიანდა და მას ვეხმარებოდი, რომ ადგილი დაეტოვებინა. როდესაც შემოვტრიალდი 6-7 ტყვია მომხვდა ტანის ზედა არეში. როდესაც დაზიანება მივიღე გადავინაცვლე პარლამენტის მარჯვენა მხარეს, სადაც ხალხის მასაში მოვყევი, რა დროსაც თავის არეში კიდევ ერთი ტყვია მომხვდა.

ჩემს გარშემო სიმშვიდე იყო. შევესწარი წყლის ბოთლის სროლის ფაქტს.

სამართალდამცველებთან არანაირი შეხება არ მქონია. პირველი ტყვია, სავარაუდოდ, პირდაპირ იყო ნასროლი. სხვა დაზიანებული ადამიანებიც დავინახე.

არ მიფიქრია რომ ტყვია მომხვდებოდა, მშვიდობიანად მივედით და არ მეგონა, რომ ვიღაც საფანტს და შემდეგ დათვის ტყვიას მესროდა. არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა.

სტრასბურგში მომჩივანიც ვიყავი, რომ დამნაშავე დასჯილიყო. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ვეთანხმები. გიორგი გახარია იქ არ იყო, ლოგიკით ხვდები, რომ ასეთი გადაწყვეტილებები ჰაერიდან არ მოდის”,- განაცხადა პეტრიაშვილმა.

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიასთვის 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ ძალაში დატოვა.

გიორგი გახარიას ადვოკატის, ბერდია სიჭინავას თქმით, საქმის მასალებში გიორგი გახარიას წინააღმდეგ, ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს.

მისივე განმარტებით, არც დღეს დაკითხული მოწმის, ლუკა პეტრიაშვილის ჩვენებით არ დასტურდება, რომ გიორგი გახარიამ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ბრძანება.

ბერდია სიჭინავა პროცესების გაჭიანურებაზეც საუბრობს - ამბობს, რომ ბრალდების მხარეს 1060 მოწმე ჰყავს დასაკითხი, თუმცა ამის მიუხედავად პროცესები თვეში ერთხელ ინიშნება.

„დღეს მოწმედ წარმოდგენილი იყო დაზარალებული, რომელსაც უშუალოდ რეზინის ტყვიის გამოყენების შედეგად აქვს დაზიანება მიღებული, შესაბამისად, მოწმის ამ ჩვენებას ფიზიკურად ვერ ექნება რაიმე კავშირი გიორგი გახარიას ბრალეულობასთან მარტივი მიზეზის გამო, რომ არ დასტურდება, თითქოს გიორგი გახარიამ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ბრძანება. შესაბამისად, ამ ბატონს რა ზიანიც მიადგა, კავშირში ვერ ექნება ბრალთან, რომელიც პროკურატურას აქვს შეთითხნილი.

1060 მოწმე ჰყავს ბრალდების მხარეს გამოსაკითხთა სიაში. დაასახელონ ერთი მოწმე ან მტკიცებულება, რომელიც გიორგი გახარიას ამხელს, რომ მან ადამიანების ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება დააორგანიზა. ასეთი მტკიცებულება არ არსებობს.

1060 მოწმეა და თვეში ერთხელ ინიშნება სასამართლო სხდომები. რამდენი ათეული წელი დასჭირდება ამ სისხლის სამართლის საქმის დასრულებას?“ - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ცნობისთვის, გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ორ პირზე მეტის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები