ჯუანშერ ბურჭულაძე ვერდიქტის მოლოდინში - ჯარის ძარცვის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ბურჭულაძის ცოლის ძმა- ვასილ მხეიძე ვერდიქტის მოლოდინში - ჯარის ძარცვის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზეა დანიშნული.
დღევანდელ პროცესზე ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვებით უნდა ისარგებლონ, რის შემდეგაც მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.
- ბრალდებული 4 პირიდან ვლადიმერ ღუდუშაური ერთადერთია, რომელსაც პროკურატურა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე დათანხმდა. მას პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას შემდეგი პირობით უფორმებს: 4 წელი პირობითი მსჯავრი, 10 000-ლარიანი ჯარიმა და 1 წლით თანამდებობის დაკვების აკრძალვა. აღნიშნულ შეთანხმებას სასამართლო ღუდუშაურს, რომელიც გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული, დღესვე დაუმტკიცებს.
შეგახსენებთ, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.
შეგახსენებთ იმასაც, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.
- ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.
ვლადიმერ ღუდუშაური გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.