"ჭორიკნობა" - სასახლის ღობის საქმის ადვოკატების პასუხი მდინარაძეს

23.04.26 11:52
"ჭორიკნობა" - სასახლის ღობის საქმის ადვოკატების პასუხი მდინარაძეს

სასახლის ღობის საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილის, ირაკლი ჩხვირკიას, გური ჟვანიას, ნიკა გვენცაძის და თორნიკე მჭედლიშვილის პროცესი გაიმართება. 

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის უფლებადამცველები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ. როგორც ცნობილია, პროცესს დაესწრება მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძეც. 

საქმის განხილვამდე სასახლის ღობის საქმის ადვოკატები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, მამუკა მდინარაძის განცხადებას გამოეხმაურნენ.

  • "როდესაც ძირს დაგდებულ ახალგაზრდა მამაკაცს სახეში წიხლით სცემს სამართალდამცველი, როდესაც ჟურნალისტს, ვინც არ უნდა იყოს, ასეთების პრევენცია განუხრელად მოხდება და წარსულითაც შეიძლება დავინტერესდე" - განაცხადა მდინარაძემ.

იურისტის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, მდინარაძე არის "ჭორიკანა ადამიანი, რომელიც ცდილობდა მოერგო სახელმწიფოზე და საზოგადოებაზე მზრუნველის როლი". 

ჩვენ ვნახეთ ჭორიკანა ადამიანი, რომელიც ცდილობდა მოერგო სახელმწიფოზე და საზოგადოებაზე მზრუნველის როლი და ეს ცალსახად არ გამოუვიდა. თუკი სუს-ს ჰქონდა სარწმუნო ინფორმაცია, რომ 4 ოქტომბერს იგეგმებოდა ძალადობრივი ქმედებები, მაშინ ამ პოლიტიკოსებს წარდგენილი აქვთ ბრალი მხოლოდ მოწოდებებისთვისაც. როდესაც მდინარაძე საუბრობდა, რომ არ გვქონდა მტკიცებულება, წინასწარ დაგვეკავებინა ეს ადამიანები, ეს არის ტყუილი, მათ ჰქონდათ, როგორც აღმოჩნდა, მათი გადასახედიდან საფუძველი, პოლიტიკოსების საჯარო განცხადებები, რომ ისინი დაეკავებინათ, როგორც ლევან ხაბეიშვილი და თავიდან აერიდებინათ ის ძალადობა, რომელსაც თითქოს ეს ადამიანები აორგანიზებდნენ. მაგრამ როგორც აღმოჩნდა ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჭორიკნობა. ისინი არ ზრუნავენ არც სახელმწიფოზე, არც საზოგადოებაზე, თავად გეგმავდნენ პროვოკაციებს, თავად სურდათ უფრო მძიმე შედეგები, თავად სურდათ უფრო მეტად დაზიანებული სამართალდამცავები იმ დღეს," - განაცხადა ირაკლი აბესაძემ. 

ადვოკატი ბორის (ჩელე) ყურუა აღნიშნავს, რომ საზოგადოებამ ფაქტად და დადასტურებულად იცის, რომ 4 ოქტომბერს აქციის მონაწილეებს შორის ე.წ. პროვოკატორები სწორედ სუს-ის აგენტები იყვნენ. 

ჩვენ ხომ ფაქტად და დადასტურებულად ვიცით, რომ სუს-ის აგენტები იყვნენ ე.წ. პროვოკატორები ამ აქციის მონაწილეებს შორის. ჩვენ ხომ დადასტურებულად, ფაქტებით ვიცით, რომ თუ ამ ადამიანებმა იცოდნენ 10-20 დღით ადრე ის, რომ ვიღაც სადღაც მისვლას აპირებდა და იმაზე ფიქრობდნენ, რომ ამ შემთხვევაში საჭირო იქნებოდა კონკრეტული მტკიცებულებების სისხლის სამართლის საქმეზე დამაგრება, როგორ შეიძლება, რომ უამრავი ვიდეოკამერა, რომელიც დამონტაჟებულია პრეზიდენტის სასახლეზე, რომ ეს კამერები არ ყოფილიყო ჩართული და ყოფილიყო ატრიალებული. თუ სახელმწიფოს ინტერესი ის იყო, რომ კონკრეტული მტკიცებულებებით ადამიანები პასუხისგებაში მიეცა, ეს ინტერესი განადგურებულია თავიდან ბოლომდე," - ამბობს ბორის (ჩელე) ყურუა.

მსგავსი სიახლეები