პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოში და მიმართვა ოპოზიციას
თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე გამართულ პროცესზე მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ დასკვნითი სიტყვის უფლებით ისარგებლა და სასამართლოს მიმართა.
მისი თქმით, 4 ოქტომბერს ეროვნული კრება მან მოიწვია. პაატა ბურჭულაძე განმარტავს, რომ მას არ ესმის ოპოზიციური პარტიების, რომლებიც "ქართულ ოცნებას" უფლებას აძლევს მთელი ყურადღება გადატანილი იქნას ეროვნული კრებიდან მოყანყალებულ, არავისთვის საჭირო რკინის ღობეზე".
მსოფლიო ბანი საბოლოო სიტყვაში აღნიშნავს, რომ 4 ოქტომბრის აქცია წარმატებული იყო, რასაც ეროვნული კრების შემდეგ, "ოცნების" მიერ ტროტუარზე დგომის აკრძალვაც მოწმობს.
"მე ძალიან ვამაყობ ამ დღით, იქ მყოფი ადამიანებით და ველი სასამართლოსგან განმარტებას, თუ რა დააშავა ქართველმა ხალხმა და პირადად მე" - თქვა პაატა ბურჭულაძემ.
მე მოვიწვიე ეროვნული კრება... ქართველ ხალხს, რომლებსაც საკუთარი შვილების მომავლის გადასარჩენად სჭირდებათ გადაუდებელი ცვლილებები და ამიტომაც, ერთად, პირველად საქართველოს ისტორიაში, ჩავატარეთ ეროვნული კრება, რომელშიც არ მონაწილეობდა არცერთი პოლიტიკური პარტია, თუმცა მონაწილეობდნენ სრულიად საქართველოს ადამიანები მათ შორის აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან.
ჩემი აზრით, ეს იყო ისტორიული და დროული შეკრება, სადაც მოქალაქეებმა გამოხატეს აუცილებელი ცვლილებების სურვილი. მე არ მესმის, ოპოზიციური პარტიების ისეთი მდგომარეობა, 4 ოქტომბრის გარშემო, რომელსაც ახლა აკეთებენ. იმის ნაცვლად, რომ მუდმივად საუბრობდნენ ხალხის სურვილზე და მონდომებაზე, რომ ქვეყანა ევროპული გზით განვითარდეს, ისინი დუმან და აძლევენ საშუალებას "ქართულ ოცნებას", რომ მთელი ყურადღება გადატანილ იქნეს ეროვნული კრებიდან, მოყანყალებულ, არავისთვის საჭირო რკინის ღობეზე. ამაში მას ეხმარება ვითომ ოპოზიციური პარტია, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ე.წ. არჩევნებში და საკუთარი წარუმატებლობა და უსუსურობა დააბრალა ეროვნულ კრებას.
იმის დასტური, რომ 4 ოქტომბერი იყო წარმატებული არის ის, რომ მას შემდეგ დაშინებულმა "ქართულმა ოცნებამ" ტროტუარზე დგომაც კი აკრძალა.
ბატონო მოსამართლე მე ძალიან ვამაყობ ამ დღით, იქ მყოფი ადამიანებით და ველი სასამართლოსგან განმარტებას, თუ რა დააშავა ქართველმა ხალხმა და პირადად მე," - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
- ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
- ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
- პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.