"არავითარ ჯგუფურ მოქმედებას 4 ოქტომბერს ადგილი არ ჰქონია. ხალხის სტიქიურ ბრაზს უსამართლობის წინააღმდეგ - კი" - ბექა ბასილაიას დასკვნითი სიტყვა

23.04.26 13:53
"არავითარ ჯგუფურ მოქმედებას 4 ოქტომბერს ადგილი არ ჰქონია. ხალხის სტიქიურ ბრაზს უსამართლობის წინააღმდეგ - კი" - ბექა ბასილაიას დასკვნითი სიტყვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დასკვნითი სიტყვის უფლებით ისარგებლა სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული მურთაზ ზოდელავას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ. 

საბოლოო სიტყვაში უფლებადამცველმა აღნიშნა, რო მ 4 ოქტომბერს "არავითარ ჯგუფურ მოქმედებას ადგილი არ ჰქონია", თუმცა ადგილი ჰქონდა "ხალხის სტიქიურ ბრაზს უსამართლობის წინააღმდეგ". 

ადვოკატის განმარტებით, აქციას თავიდანვე ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი, რასაც ადასტურებს: ბრალდებულთა საჯარო განცხადებები, მერიისადმი მიმართვა აქციის ჩატარებასთან დაკავშირებით და მერიისგან მიღებული პასუხი, ამასთან ბექა ბასილაიას თქმით, არცერთ სამართალდამცავ ორგანოს 4 ოქტომბრის აქციის მშვიდობიანობა ეჭვქვეშ არ დაუყენებია. 

სასამართლო განხილვებისას ეჭვშეუტანლად დადასტურდა, რომ ამ ხუთეულს 4 ოქტომბრამდე რაიმე კვეთა აქციის ორგანიზებასთან დაკავშირებით არ ქონია. ამის საპირისპირო მტკიცებულება კი საქმეში არ მოიპოვება, ყალბი პატაკიც კი არ არსებობს, რაც 4 ოქტომბრამდე ან 4 ოქტომბერს აქციის გამართვამდე ამ ხუთ ადამიანს აქციის საორგანიზაციო საკითხებზე ერთმანეთთან დააკავშირებდა.

აქციას თავიდანვე ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი, რასაც ადასტურებს:

1. აქ წარმოდგენილ ბრალდებულთა მყოფთა საჯარო განცხადებები;

2. მერიისადმი მიმართვა აქციის ჩატარებასთან დაკავშირებით და მერიისგან მიღებული პასუხი.  კანონით მოთხოვნილი პროცედურების ზედმიწევნით დაცვის პირობებში გამართული აქცია, ბრალდების მხარის მცდელობის მიუხედავად, წინასწარგანზრახულ დანაშაულებრივ თავყრილობად ვერასგზით მოინათლება. ეს კარგად ესმის ბრალდების მხარესვე და ამიტომ აარიდეს გამოძიების მიმდინარეობისას ამ უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების (მერიისთვის მიმართვა და მერიისგან პასუხი) მოპოვებას თავი;

3. არცერთ სამართალდამცავ ორგანოს 4 ოქტომბრის აქციის მშვიდობიანობა ეჭვქვეშ არ დაუყენებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ არ არის ერთი დოკუმენტიც კი წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმეში, რომ აქციის მონაწილეების მიმართ რაიმე წინასწარი, თუნდაც გამაფრთხილებელი, ღონისძიება გატარდა?! 

4. მურთაზ ზოდელავამ დაკითხვისას დეტალურად განმარტა, 4 ოქტომბერსვე საჯაროდ გაცხადებული საკითხი ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან გადაადგილების მოწოდების მოტივაციის შესახებ - მისი თქმით, ორბელიანის მოედანზე განვითარებული მოვლენების განმუხტვის მიზნით, მოქალაქეთა გამოსაყვანად გაჟღერდა აღნიშნული მოწოდება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მის მშვიდობიან მოტივაციას.

[...] ამასთან ჯგუფური დანაშაული აუცილებლად გულისხმობს, ჯგუფის წევრებს შორის როლების გადანაწილებას, ყოველი პირის ფუნქციის განსაზღვრას და ა.შ. ამ მიმართულებით ერთი სიტყვა მაინც ამოიკითხეთ დასკვნით სიტყვაში? ერთი მტკიცებულება მაინც გამოვიკვლიეთ სასამართლო განხილვისას? - არა! ამას აქვს კონკრეტული მიზეზი, არავითარ ჯგუფურ მოქმედებას 4 ოქტომბერს ადგილი არ ჰქონია. ხალხის სტიქიურ ბრაზს უსამართლობის წინააღმდეგ - კი ბატონო," - განაცხადა ბექა ბასილაიამ. 

  • ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
  • ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები