"პროკურატურის ამოცანა წმინდად პოლიტიკურია, მოახდინოს ხელისუფლებისთვის მიუღებელი პოლიტიკური აზრის გამოხატვის კრიმინალიზაცია" - ირაკლი აბესაძის დასკვნითი სიტყვა
თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დასკვნითი სიტყვით ისარგებლა ირაკლი ნადირაძის ადვოკატმა, ირაკლი აბესაძემ.
მისი განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ყველა განცხადება, რომელიც ხელისუფლების შეცვლას შეეხებოდა, ხაზგასმით მშვიდობიან ფორმაზე აპელირებით იყო გაკეთებული.
ამასთან, ირაკლი აბესაძე აღნიშნავს, რომ 4 ოქტომბრის აქციაზე დაჭერილი ათეულობით ბრალდებულიდან საქმეში წარმოდგენილი არაა ერთი ჩვენებაც კი, ვინც დაადასტურებდა, რომ მათი მოქმედება იმ დღეს განპირობებული იყო ირაკლი ნადირაძის გაკეთებული რომელიმე განცხადებით.
"პროკურატურის ამოცანა წმინდად პოლიტიკურია, მოახდინოს ხელისუფლებისთვის მიუღებელი პოლიტიკური აზრის გამოხატვის კრიმინალიზაცია" - თქვა ადვოკატმა.
ირაკლი ნადირაძის ყველა სადავო განცხადება კი პირდაპირ მიუთითებს მოქმედების მშვიდობიან ხასიათზე და ყველა განცხადება, რომელიც ხელისუფლების შეცვლას მიემართება ხაზგასმით მშვიდობიან ფორმაზე აპელირებითაა გაკეთებული. ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნებისთვის რელევანტურია არა მიზანი - ხელისუფლების შეცვლა, არამედ მეთოდი - ძალადობრივი თუ მშვიდობიანი.
პროკურატურა ამ მიმართულებითაც აბსოლუტურად არასწორად აპელირებს იმ რამდენიმე ძალადობრივ ინციდენტზე, რომელიც 4 ოქტომბრის აქციის საღამოს მოხდა. განსახილველ საქმეში არ არსებობს ერთი მტკიცებულებაც კი, რომ ირაკლი ნადირაძის განცხადებამ გამოიწვია რომელიმე მათგანი. განცხადებასა (რომელიც ხაზგასმით მშვიდობიანი ფორმით ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობას უთითებდა) და მომხდარ ინციდენტებს შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენა სწორედ პროკურატურის ვალდებულება იყო. ხაზგასასმელია, რომ 4 ოქტომბრის აქციაზე დაჭერილი ათეულობით ბრალდებულიდან საქმეში წარმოდგენილი არაა ერთი ჩვენებაც კი, ვინც დაადასტურებდა, რომ მათი მოქმედება იმ დღეს განპირობებული იყო ირაკლი ნადირაძის გაკეთებული რომელიმე განცხადებით.
საბოლოო ჯამში ნათელია, რომ პროკურატურის ამოცანა წმინდად პოლიტიკურია, მოახდინოს ხელისუფლებისთვის მიუღებელი პოლიტიკური აზრის გამოხატვის კრიმინალიზაცია, რაც, რა თქმა უნდა, მიმართულია იმისკენ, რომ მსგავსი თვითნებობის "მსუსხავი ეფექტის" გათვალისწინებით შეიზღუდოს პოლიტიკური ოპონირება. ეს კი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათ ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებას, აქვე საინტერესოა და ამ საქმის წმინდად პოლიტიკურ სარჩულს აშკარად წარმოაჩენს რიტორიკული შეკითხვა: თუ განცხადებები, რომლებსაც ირაკლი ნადირაძე 13 სექტემბრის შემდეგ აკეთებდა შეიცავდა 317-ე მუხლით დადგენილი დანაშაულის ნიშნებს, მაშინ რატომ არ მოხდა მისთვის ბრალის წაყენება 4 ოქტომბრამდე, მაშინ როდესაც მსგავსი განცხადებების გამო 317-ე მუხლით ბრალი ლევან ხაბეიშვილს სწორედ 13 სექტემბერს წარედგინა," - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
- ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
- ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
- პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.