ჯუანშერ ბურჭულაძის საქმე - მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე სათათბიროდ გავიდა
ჯუანშერ ბურჭულაძის საქმე - მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე სათათბიროდ გავიდა, შესაბამისად, ცოტა ხანში გახდება ცნობილი, როგორი იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება.
მანამდე საბოლოო სიტყვით ისარგებლა გიორგი ხაინდრავამ. მისი თქმით, საქმეზე კვალიფიკაცია არასწორადაა შერჩეული. აღიარებს, რომ ხელმოწერა დოკუმენტზე იყო, თუმცა, გაფლანგვაში მონაწილეობა არ მიუღია და არანაირი თანხა არ აუღია.
როგორც მან თქვა, თუ ხელისმოწერა პრობლემაა, მზადაა ამ მიმართულებით პასუხი აგოს, თუმცა, მიიჩნევს, რომ ის მუხლი, რა მუხლითაც აქვს ბრალი წარდგენილი, არასწორია და მისი ბრალეულობა ამ ნაწილში არ იკვეთება.
შეგახსენებთ, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.
შეგახსენებთ იმასაც, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.
- ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს. ვლადიმერ ღუდუშაური გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.