ბევრი ვნახე დარცხვენილი, ბევრი ბოდიშიც მოვისმინე პოლიციელების მხრიდან - გიორგი მიქაძე
გიორგი მიქაძე განაჩენის მოლოდინში - ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე მოსამართლე განაჩენს 29 აპრილს გამოაცხადებს.
პროცესზე, სადაც ბრალდებულები ძმები - დავით და გიორგი მიქაძეები და გიორგი ჯოხაძე არიან, საბოლოო სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლა განსასჯელის სკამზე მჯდომმა - გიორგი მიქაძემ.
ის დღეს დეტალურად ჰყვებოდა, რა ვითარებაში მოხდა მისი დაკავება და შემდეგ მტკიცებულებების შეგროვება.
“თუ ეს მტკიცებულებები საკმარისია, აქ ვარ და გამასამართლეთ“, - თქვა მან.
წასვლას ვაპირებდი დასასვენებლად და გამაფრთხილეს რო დაგკითხავენ და მერე წადიო. ველოდებოდი დაკითხვას,
ამ დროს 4 დღეში შეაგროვეს რაც შეაგროვეს, სახლში 100 კაცით შემომივარდნენ და დამაკავეს. არავის წინააღმდეგობა არ გაუწევია. ავალიშვილი სამმართველოში ვნახე. არც სამმართველოში არც ციხეში არავინ მოსულა არავის გამოვუკითხივარ.
რომ დამაკავეს, მიმიყვანეს პოლიციაში და ბევრი თვალი ვნახე დარცხვენილი, რა ვქნათო მეუბნებოდნენ. ბევრი ბოდიშიც მოვისმინე პოლიციელების მხრიდან. მერე გადამიყვანეს მეექვსე დაწესებულებაში, იქაც არავინ მოდიოდა. ველოდებოდი რომ ვინმეს გამოვეკითხე.
ახლა რაც აქვს პროკურატურას, ეგ აქვს და თუ ეს მტკიცებულებები საკმარისია, თქვენ გადაწყვიტეთ.
ლევანს - პროკურორს ჩემი დიდი პატივისცემა, მაგრამ ამ საშუალებებით, რა გზებითაც მტკიცებულებები შეაგროვა თუ ეს საკმარისია, აქ ვარ და გამასამართლეთ, - თქვა მიქაძემ.
- ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუსწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.
- პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
- გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
- მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
- უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.