მზია ამაღლობელი სასამართლოზე განმარტავს, რატომ უჩივლა ირაკლი კობახიძეს

24.04.26 13:57
მზია ამაღლობელი სასამართლოზე განმარტავს, რატომ უჩივლა ირაკლი კობახიძეს

მზია ამაღლობელი სასამართლო პროცესზე განმარტავს, რატომ უჩივლა ირაკლი კობახიძეს - დაკავებულმა ჟურნალისტმა სასამართლო დარბაზში კობახიძის განცხადებიდან ერთი ფრაგმენტი წაიკითხა - "ფაქტი იყო ასეთი, თქვენ გახსოვთ, ჯერ იყო პირველი ინციდენტი, როდესაც სტიკეტებს აკრავდა პოლიციელებს ეს ადამიანი”.

"ნეტგაზეთის და ბათუმელების" დამფუძნებელი ამბობს, რომ ასეთი ფაქტი,"ოცნების" მაღალჩინოსანი თავის განცხადებაში  საუბრობს, "ბუნებაში ასეთი არ ყოფილა"

კობახიძემ ეს გაცნობიერებულად გააკეთა თუ დაუდევრობა იყო?! - ამბობს მზია ამაღლობელი.

დაკავებული ჟურნალისტი იმედოვნებს, რომ სასამართლო საქმის წარმოებას არ შეწყვეტს და საქმის განხილვა არსებით ეტაპზე გადავა. 

ასევე, შენიშვნის სახით მინდა ვთქვა, მოპასუხის (კობახიძის) მხრიდან არ მოსვლა რას ნიშნავს, ალბათ უპატივცემულობას სასამართლოს მხრიდან?   - აცხადებს ამაღლობელი 

ბედის ირონია მგონია ამ მოცემულობაში ყოფნა. დღეს სასამართლომ უნდა იმსჯელოს საქმის დასაშვებობაზე, რომელიც არის სამოქალაქო დავა და ამ დავის საგანი ცილისწამებაა. ბედის ირონია მგონია იმიტომ, რომ
სასამართლომ უნდა იმსჯელოს სიტყვისა და გამოხატვის კანონიდან გამომდინარე. მე ვარ მოსარჩელე, ადამიანი, რომელიც მიუკერძოებელ მედიას წარმოვადგენ და ადამიანი, რომლისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანია თავისუფალი სიტყვა, მოპასუხე კი არის ირაკლი კობახიძე, რომელიც პრემიერ-მინისტრის სტატუსით სარგებლობს და პირი, რომელმაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება რეპრესიებსა და ცენზურას დაუქვემდებარა.

კობახიძის განცხადებები, როგორი შოკისმომგვრელიც არ უნდა ყოფილიყო, არ მოვიტანდი ამ საქმეს სასამართლომდე და რატომ მოვიტანე იცით? შევეცდები ამონარიდი გავაკეთო ბატონი კობახიძის განცხადების, მან ასე დაიწყო წინადადება:”ფაქტი იყო ასეთი, თქვენ გახსოვთ, ჯერ იყო პირველი ინციდენტი, როდესაც სტიკეტებს აკრავდა პოლიციელებს ეს ადამიანი” - მეტის წაკითხვა არც არის საჭირო.  ფაქტი ბუნებაში ასეთი არ ყოფილა. ძალიან მინდა მოვისმინო მსჯელობა სასამართლოსი ან კითხვა მაინც დაისვას სასამართლოსგან:  კობახიძემ ეს გაცნობიერებულად გააკეთა თუ დაუდევრობა იყო?! 
დიდი იმედი მაქვს, ამ მავნე პრაქტიკას სასამართლო არ გაიზიარებს და არ შეწყვეტს საქმეს.
ასევე, შენიშვნის სახით მინდა ვთქვა, მოპასუხის მხრიდან არ მოსვლა რას ნიშნავს, ალბათ უპატივცემულობას სასამართლოს მხრიდან?

რა თქვა კობახიძემ?

მზია ამაღლობელი მოითხოვს ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული სამი სხვადასხვა განცხადების უარყოფას:

  • 2025 წლის 29 იანვარს “იმედი LIVE”-ის ეთერში კობახიძის ცილისმწამებლურ განცხადებას:
  • „ფაქტი იყო ასეთი. თქვენ გახსოვთ, ჯერ იყო პირველი ინციდენტი, როდესაც სტიკერებს აკრავდა პოლიციელებს ეს ადამიანი.. ..მისი ეს სამართალდარღვევა არავითარი ფორმით არ იყო დაკავშირებული ჟურნალისტურ საქმიანობასთან, იქ ის მოქმედებდა, როგორც პარტიული აქტივისტი. აქედან გამომდინარე, მედიასთან ამ ფაქტის დაკავშირება არის აბსოლუტური სპეკულაცია.. ..აქ არც კი გამოხატავს სინანულს, არც ის და არც მისი თანაპარტიელები კოლექტიური ნაცმოძრაობიდან”, – განაცხადა კობახიძემ.

2. 2025 წლის 30 იანვარს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადება:

  • “როდესაც საუბარია კონკრეტულად მზია ამაღლობელზე, პასუხისმგებლობა უნდა აიღონ მისმა დონორებმა. თქვენ იცით, რომ ის არის უცხოეთიდან დაფინანსებული პირი, მისი ორგანიზაციები ფინანსდება უცხოეთიდან და არცერთი მისი დონორი არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ძალადობაზე, რაც ამ ქალბატონმა განახორციელა პოლიციელის წინააღმდეგ. ყველა მისი დონორი, თითოეული თანხის ჩამდები მის ორგანიზაციებში, არის პასუხისმგებელი იმ პარტიულ-პოლიტიკურ ძალადობაზე, რომელიც განახორციელა მზია ამაღლობელმა. შესაბამისად, თუ ვინმეს უნდა რაიმეზე საუბარი, პირველ რიგში მოინანიონ და გამოხატონ სინანული ძალადობის წახალისებისთვის”, – განაცხადა კობახიძემ.

3.  2025 წლის 16 აპრილს “რუსთავი 2”-ის ეთერში, გადაცემა “ღამის კურიერში” გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადება:

  • “უდიდესი ნაწილი იმ ადამიანების, ვინც დღეს არის საპატიმროში, არის მსხვერპლი. ამას ვერ ვიტყოდი, მაგალითად, მზია ამაღლობელზე, რომელიც მსხვერპლი არ არის, რომელიც კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა, როდესაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს, მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება და პოლიციის ღირსების შეურაცხყოფა”, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები