აგენტობის ბრალდებით დაკავებული ახალგორელი სტუდენტი პატიმრობაში გაუშვეს
აგენტობის ბრალდებით დაკავებული ახალგორელი სტუდენტი, თამაზ გოლოევი წინასწარ ორ თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.
როგორც "პირველებისთვის" ხდება ცნობილი, 27 წლის სტუდენტმა პროცესზე დუმილი დაარღვია და თქვა, რომ ბრალს არ აღიარებს. გოლოევს დღეს უფლებადამცველი არ ჰყოლია. სხდომაზე მხოლოდ ერთი - სავალდებულო წესით დანიშნული ადვოკატი იჯდა, რომელიც დანარჩენი ორი ბრალდებულის ინტერესებს იცავდა. (ორ პირს ბრალდება დასუწრებლად აქვს წაყენებული. მათი ვინაობა ამ დრომდე უცნობია)
შეგახსენებთ, რომ საქმეს გრიფი დაედო, ამიტომაც პროცესი მედიისთვის და საზოგადოებისთვის დახურულ რეჟიმში წარიმართა.
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ჯაშუშობისთვის, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავა.
- უწყების მტკიცებით, დაკავებული პირი გადაბირებული იყო უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის მიერ, ჰქონდა მინიჭებული შესაბამისი ფსევდონიმი და ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ მოქმედებდა საქართველოს ინტერესების საზიანოდ.
- უწყების თანახმად, გამოძიებით დადგენილია, რომ ჯაშუშობისთვის დაკავებულ პირს დავალებული ჰქონდა საქართველოში ინფორმაციის შეგროვება შემდეგი მიმართულებით:
- საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს დისლოკაციის ადგილების, ძალებისა და საშუალებების შესახებ. ასევე მათი დისლოკაციის ადგილების ფოტო და ვიდეოგადაღება.
- საქართველოში სტრატეგიული ობიექტების - მათ შორის ხიდების, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების და სხვა დანიშნულების ობიექტების განთავსების შესახებ, ასევე აღნიშნული ადგილების ფოტო, ვიდეოგადაღება და სხვა.