თურაზაშვილი: ბიუჯეტი პარტიულ ინტერესებზეა მორგებული — ბავშვების წამლისთვის თანხა არ მოიძებნა
"ქართულმა ოცნებამ" 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაგეგმა ზუსტად ისე, როგორც მათ პარტიულ ინტერესებს სჭირდებოდა, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" წევრმა ქეთი თურაზაშვილმა კანცელარიასთან გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
თურაზაშვილის თქმით, ხელისუფლებამ ბიუჯეტის პრიორიტეტები ისე განსაზღვრა, რომ კრიტიკულად საჭირო ჯანდაცვის საკითხები, მათ შორის ბავშვებისთვის აუცილებელი მედიკამენტების შემოტანა, ყურადღების მიღმა დარჩა.
მისი განცხადებით, მაშინ როდესაც სახელმწიფოს მხოლოდ რამდენიმე ათეული მილიონი ლარი სჭირდება ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად, ბიუჯეტში მნიშვნელოვნად იზრდება ხარჯები სხვა მიმართულებებით, მათ შორის უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსებაზე, ბიუროკრატიასა და სხვადასხვა სახელმწიფო საწარმოებზე.
ოპოზიციის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ არსებული ფინანსური რესურსების გადანაწილებით შესაძლებელი იქნებოდა მედიკამენტების დროული შემოტანა და პაციენტებისთვის საჭირო მკურნალობის უზრუნველყოფა.
თურაზაშვილი "ოცნების" ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება და უზრუნველყოს მედიკამენტების ქვეყანაში შემოტანა, როგორც ეს უკვე განხორციელებულია რიგ დასავლურ ქვეყნებში.
შვილების სიცოცხლის გადასარჩენად მშობლებს ღამეების გათენება უწევთ სახელმწიფო კანცელარიასთან. მშობლებმა ორი წლის წინ მიმართეს პირველად "ქართულ ოცნებას" წამლის შემოტანის თხოვნით. მშობლები იძულებულები გახდნენ, მოთხოვნა ქუჩაში გადაეტანათ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნახეს, რომ "ქართულმა ოცნებამ" მათი შვილების გადასარჩენად არაფერი გააკეთა. არადა, "ქართულ ოცნებას" ორი წელი ჰქონდა გადაწყვეტილების მისაღებად. იმისთვის, რომ ბავშვებმა არ დაკარგონ მობილობის უნარი, არ გაუჩნდეთ დამატებითი ჯანმრთელობის პრობლემები და მათი სიცოცხლე გადარჩეს, სახელმწიფოს მხოლოდ რამდენიმე ათეული მლნ-ი ლარი სჭირდება.
არადა, "ქართულმა ოცნებამ" 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაგეგმა ზუსტად ისე, როგორც მათ პარტიულ ინტერესებს სჭირდებოდა. არადა, ხარჯები კორექტირებით ძალიან მარტივად იქნებოდა შესაძლებელი წამლის შემოტანა. აი, მაგალითად, "ქართულმა ოცნებამ" 2026 წელს 115 მლნ ლარით გაზარდა სუსის დაფინანსება. 600 მლნ იხარჯება შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე, ასობით მლნ იფლანგება სახელმწიფო საწარმოებში, მათ შორის, ენერგოკომპანიებში, ბიუროკრატიასა და უკონკურენტო შესყიდვებზე. ასევე, 101 მლნ ლარია საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება, რომელსაც არავინ უყურებს. ისე არაკმარისად იბეგრება სათამაშო ბიზნესი, რომელიც ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დანგრევის მიზეზია. ნათელია, რომ დღევანდელ ხელისუფლებას, სამწუხაროდ, არ აინტერესებს საკუთარი მოქალაქეები მაშინაც კი, როდესაც საქმე ეხება ბავშვების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.
მივმართავ ირაკლი კობახიძე და მიხეილ სარჯველაძეს, დაანებონ თავი არაფრისმომცემ განცხადებებს და დაუყოვნებლივ იმოქმედონ, დაუყოვნებლივ შემოიტანონ წამალი ისევე, როგორც აშშ-შია, ისრაელშია, გერმანიასა და საფრანგეთშია. ეს მშობლები არ დაიღლებიან საკუთარი შვილებისთვის ბრძოლით და აქვე, მინდა, მივმართო ჩვენს საზოგადოებას, მე იმედი მაქვს თქვენი კეთილგონიერების და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს დააუდგებით მშობლებს გვერდით, არ მიატოვებთ ამ უთანასწორო ბრძოლაში, რადგან რაც უფრო მეტნი ვიქნებით, მით მალე მიიღებენ ბავშვები წამალს, - განაცხადა ქეთი თურაზაშვილმა.