ჯაშუშობის საქმის დახურული პროცესი და პატიმრობაში გაშვებული 27 წლის სტუდენტი - ხმაურიანი საქმის დეტალები
თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 წლის ახალგორელი თამაზ გოლოევი წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებ ახალგაზრდას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობას ედავება. სასამართლო პროცესზე გოლოევმა განაცხადა, რომ უდანაშაულოა.
საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროცესს არ დაესწრნენ არც ბრალდებულის ახლობლები, რომლებიც სასამართლოში იყვნენ მისული.
გამოძიებამ ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმეს საიდუმლო გრიფი დაადო. პროკურორსა და ადვოკატებს საქმის დეტალებზე საჯაროდ საუბარი ეკრძალებათ. სასამართლო დარბაზში, სადაც პროცესი გაიმართა, ფანჯრები და ვიზუალური სივრცე მუყაოს ფირფიტებით იყო დაფარული.
სუსისა და პროკურატურის განცხადებით, თამაზ გოლოევი რუსულ სპეცსამსახურებთან პირდაპირ კავშირში იმყოფებოდა. მათი მტკიცებით, ის თავდაცვის, უსაფრთხოების და სამართალდამცავი უწყებების დისლოკაციის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა, ასევე იღებდა და აგზავნიდა სტრატეგიული ობიექტების ფოტოებს.
თამაზ გოლოევი 22 აპრილს ოძისის გამშვებ პუნქტზე დააკავეს. ეთნიკურად ოს ახალგაზრდას დაკავებისას განუცხადეს, რომ ეჭვმიტანილი იყო რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში. თბილისში გადმოყვანის შემდეგ მას ოფიციალურად წაუყენეს ბრალი ჯაშუშობის მუხლით.
გოლოევის ოჯახი შოკშია — მისი დედის თქმით, შვილის დაკავების შესახებ ტელევიზიით შეიტყო.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.