ღია წერილი დახურული რეჟიმის ციხიდან - რისთვის სჯიან ციხეში ზვიად რატიანს
ქართველი პოეტი ზვიად რატიანი მკაცრი რეჟიმის საპატიმროში გადაიყვანეს. როგორც თავად წერს, ამის შესახებ ციხის საკანში მიღებული წერილით შეიტყო. მისი ინფორმაციით, სასჯელს ყველაზე მკაცრ პირობებში მოიხდის.
რატიანის განცხადებით, საპატიმრო რეჟიმის გამკაცრებას წინ არ უძღოდა არცერთი ინციდენტი ან კონფლიქტი. იგი მიღებულ გადაწყვეტილებას „სადამსჯელო ოპერაციას“ უწოდებს და მიიჩნევს, რომ მიზანი მისი გატეხვაა.
პოეტის ადვოკატები ვარაუდობენ, რომ "ოცნების" ხელისუფლების მიზანი არის პატიმრის გაჩუმება, რომლის ხმა, მათი თქმით, ციხის კედლებს სცდება. ისინი არ გამორიცხავენ, რომ მომავალში რატიანს წერილების გაგზავნის შესაძლებლობაც შეეზღუდოს.
რატიანის წერილის გასაჯაროების შემდეგ პენიტენციურმა სამსახურმა საპასუხო განცხადება გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, რეჟიმის გამკაცრება პატიმრის უსაფრთხოების უზრუნველყოფას უკავშირდება.
ამ განმარტებას პოეტის დაცვის მხარე არ ეთანხმება. მათი შეფასებით, მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა სხვა მიზნებს ემსახურებოდეს.
ზვიად რატიანის მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში გადაყვანას მისი კოლეგები საბჭოთა პერიოდის რეპრესიებს ადარებენ და აცხადებენ, რომ მსგავსი ნაბიჯები კრიტიკული ხმების ჩახშობისკენ არის მიმართული.
ვრცლად ნახეთ ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში.