სახელმწიფო აუდიტის სამსახური: 2022-2023 წლებში, "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში" გაცემული ₾7 მლნ-ის პრემია არ არის სათანადოდ დასაბუთებული
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ 2022-2023 წლებში განხორციელებული საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.
ანგარიშის მიხედვით, აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ კორპორაციაში არ არის დანერგილი სისტემა, სადაც განსაზღვრული იქნებოდა თანამშრომელთა წახალისების კონკრეტული კრიტერიუმები. შედეგად, 2022-2023 წლებში 7,184,584 ლარის ოდენობით გაცემული პრემია არ არის სათანადოდ დასაბუთებული.
ასევე, გამოვლინდა კორპორაციის მენეჯმენტის პრემირების წესის დამტკიცების ხარვეზები:
კორპორაციის მენეჯმენტის პრემირება განხორციელებულია კანონმდებლობის მოთხოვნების დაუცველად, პარტნიორთან შეთანხმების გარეშე. კორპორაციის მენეჯმენტზე 2022 წელს გაცემულია 725,106 ლარის პრემია.
2023 წელს კორპორაციის მენეჯმენტის პრემირების წილის მმართველთან შეთანხმების საკითხი არ რეგულირდებოდა, აღნიშნულ პერიოდში გაცემულია 945,706 ლარი," - წერია ანგარიშში.
შტატგარეშე თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოების კონტროლის ნაკლოვანებები:
2022 წელს ─ 53, ხოლო 2023 წელს 64 შტატგარეშე თანამშრომელზე არ არის დადოკუმენტირებული და აღრიცხული შესრულებული სამუშაოები, რაც ქმნის სახსრების არამართლზომიერი გამოყენების რისკებს," - აღნიშნულია დოკუმენტში.
თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის ნაკლოვანებები:
დეპარტამენტებში ერთსა და იმავე პოზიციაზე დასაქმებულ თანამშრომლებზე განსაზღვრული განსხვავებული სახელფასო განაკვეთები, მაშინ როდესაც შესასრულებელი სამუშაო იდენტურია, ვერ უზრუნველყოფს სახელფასო პოლიტიკის გამჭვირვალობას და ქმნის შრომის არასამართლიანი ანაზღაურების შესაძლებლობას," - ნათქვამია ანგარიშში.
სრული ანგარიში იხილეთ მითითებულ ბმულზე: sao.ge