"საქართველოს გულისთვის" - „თავისუფლების მოედანი“ აჭარაში მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს
"საქართველოს გულისთვის" - ასე ეწოდება კამპანიას, რომელსაც დღეიდან პოლიტიკური მოძრაობა, "თავისუფლების მოედანი" იწყებს. დაგეგმილია, რომ ეს კამპანია აჭარას მოიცავს. მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ მივლენ ყველა მისამართზე, სოფლებში და ქალაქებშიც და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების შესახებ მოისმენენ ინფორმაციას.
დღეს გამართულ ბრიფინგზე მოძრაობის წევრებმა თქვეს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას განსაკუთრებით აწუხებთ ზღვის ტერიტორიის მიწად დარეგისტრირება ბათუმსა და გონიოში, ასევე ბათუმის ღია ნაგავსაყარი და კორუფციული ინფრასტრუქტურული ტენდერები და დაზიანებული გზები.
თავისუფლების მოედნის პირველი გაჩერება ხვალ აჭარის მაღალმთიანი სოფლები იქნება.
შემოვივლით მთელ აჭარას, რათა შევხვდეთ რაც შეიძლება მეტ თანამოქალაქეს და მოვისმინოთ მათი გულისტკივილი და სურვილები, რომ შემდეგ ეს ყველაფერი ვაქციოთ პოლიტიკურ სამოქმედო გეგმად. იმისთვის, რომ მთელი ეს მხარე გამოვიყვანოთ იმ პოლიტიკური ჭაობიდან და იზოლაციიდან, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ ეს ქვეყანა შეიყვანა.
ვხედავთ, რომ უმაღლეს თანამდებობებზე აბრუნებენ ისევ იმ ადამიანებს, რომლებიც ერთხელ უკვე იყვნენ აქ. „ქართულ ოცნებას“ ახალი გვერდით აღარავინ დაუდგება, რადგან ამ პარტიას, ყველა – საკუთარი თანამოაზრეებიც მიჰყავს უფსკრულისკენ და მას არ გააჩნია არც ცოდნა, არც უნარი და არც მონდომება იმისთვის, რომ დაძლიოს ეს დიდი პრობლემები. მოსახლეობას უძვირდება ცხოვრება, ამას ემატება ის უსამართლობა, რომელიც ყველგან ტრიალებს“-ამბობს ლევან ცუცქირიძე.
მისი თქმით, ხალხმა უნდა ჩამოაცილოს ძალაუფლება „ქართულ ოცნებას“, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ კეთილსინდისიერი ადამიანები.
„მათ ადგილზე უნდა მოვიდნენ პატიოსანი, პროფესიონალი ადამიანები, რომლებსაც კერძო სიკეთისთვის კი არ ენდომებათ თანამდებობები, არამედ საზოგადო სიკეთისთვის“-ამბობს ლევან ცუცქირიძე.