უკრაინაში დაღუპული მებრძოლები თბილისში ჩამოასვენეს - მათ მოქალაქეები და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი დახვდნენ
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ბაჩო ბებია და დავით ღოღაძეს ცხედრები თბილისში ჩამოასვენეს. აეროპორტში მათ ახლობლები და აქტივისტები შეძახილებით და საქართველოსა და უკრაინის დროშებით დახვდნენ.
ქართული საზოგადოების საუკეთესო, ბრწყინვალე წარმომადგენელი იყო. ჩვენთან სკოლაში, ანსამბლში ცეკვავდა და ბაჩო დაიღუპა ჩემი შვილიშვილების ნათელი მომავლისთვის. აი, მხარზე რომ ვნახე, აწერია "სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი"... ამიტომ მოვედი აქ, რომ აქ მივაგო პატივი მის ხსოვნას, - ამბობს მოქალაქე.
ნათელი და მადლობა იმ ბიჭებს, ვინ ჩვენს მტერს ებრძვის. ქართველებს კიდევ ერთს ვთხოვ, რომ გამოფხიზლდნენ და მტრის და მოყვრის გარჩევა ვისწავლოთ, - ამბობს კიდევ ერთი მოქალაქე.
ადგილზე მისული იყო საქართველოს მეხუთე პრეზიდენტიც. აღსანიაშნავია რომ ქართველ მებრძოლებს საპატიო ყარაული არ დახვედრიათ, აეროპორტში არ მივიდნენ არც "ოცნების" წარმომადგენლები, რის გამოც სალომე ზურაბიშვილმა წუხილი გამოთქვა.
ეს არის, ცხადია, დანაკარგი ოჯახისთვის და იმ ბავშვებისთვის, რომელიც დარჩნენ მამის გარეშე, მაგრამ ისინიც ისწავლიან, რომ მათმა მამებმა მიიღეს ძალიან დიდი წვლილი ამ ქვეყნის ღირსების გადარცენაში. მე ვწუხვარ ერთ რამეზე, რომ აქ არცერთი ოფიციალური პირი, თავდაცვის სამინისტროდან არავინაა წარმოდგენილი, საპატიო ყარაული რომ არ არის, ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი და მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ყოველი ქართველი ჯარისკაცი დღეს, რომელიც აქ არ და ვერ მოდის, ძალიან განიცდის იმას, რომ ვერ დგას აქ, იმიტომ, რომ ეს მათთვისაც არის ძალიან დიდი დანაკარგი, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
დავით ღოღაძე, რომელსაც თბილისიდან კახეთში გადაასვენებენ, უკრაინაში ორი წლის წინ დაიღუპა, თუმცა მისი ჩამოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხედებოდა. რაც შეეხება ბაჩო ბებიას, მის ცხედარს ზუგდიდში გადაასვენებენ.