გაიაფდა თუ არა ცხოვრება - რას ამბობენ მოქალაქეები

26.04.26 13:52
გაიაფდა თუ არა ცხოვრება - რას ამბობენ მოქალაქეები

გაიაფდა თუ არა ცხოვრება — ამ კითხვით „პირველებმა“ მოქალაქეებს მიმართა. გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ პროდუქტებზე ფასები არ შემცირებულა და პირიქით, ფასების კომისიის შექმნის შემდეგ, კიდევ უფრო გაიზარდა.

მოსახლეობა მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე საუბრობს. მათი თქმით, ხშირად იძულებულნი არიან თავად შიმშილობდნენ, რათა შვილებს საკვები არ მოაკლდეთ.

მოქალაქეების განცხადებით, პირველადი მოხმარების პროდუქტებიც კი ძვირია — ხორცი, კვერცხი და პური ყოველდღიურად მატულობს, რაც განსაკუთრებით მძიმე ტვირთად აწვება პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს.

რა გაიაფდა? არაფერი გაიაფდა. აბა, წამო, კვერცხი ვიყიდოთ. 70 თეთრი ღირს ყველაზე კარგი, ორმოც თეთრიანს ხომ არ აჭმევ ბავშვს? ხორცი რომ იყიდო ერთი კილო 30-32 ლარი ღირს და ერთი კილო ვის ეყოფა? ჯანდაბას, მე არ შევჭამ, ოღონდ ბავშვმა ჭამოს. ხან ისე დამიძინია, რომ მე მშიერი ვიყავი და ბავშვს ვაჭამე, - ამბობს მოქალაქე. 

მშიერი ვარ, ჩაის და წყალს ვსვამ მარტო. პენსიონერი ვარ და მშიერი ვარ. ვინ მუშაობს? (ფასები გაიაფებაზე?) კაი, რა, - ამბობს მოქალაქე.

პირიქით მოუმატეს პური. პურს ვყიდულოდი 1.3 თეთრად როცა ბერეკაშილმა შექმნა კომისია, მეორე დღეს რომ მივედი 1.4 თეთრი გახადეს, - ამბობს მოქალაქე. 

ექსპერტები ფასების კომისიის შექმნას თავიდანვე სკეპტიკურად აფასებდნენ. ეკონომისტის, გიორგი ხიშტოვანის თქმით, ეს ინიციატივა უფრო პოლიტიკური ნაბიჯი იყო, ვიდრე რეალური ეკონომიკური მექანიზმი.

მისი შეფასებით, ხელისუფლებამ სწრაფად შეარბილა რიტორიკა მას შემდეგ, რაც გამოჩნდა, რომ მსგავსი ჩარევა ბაზარზე უარყოფით გავლენას მოახდენდა და ბიზნესის ინტერესებს დააზარალებდა.

ეს იყო თავიდან, ჩემი აზრით, პოპულიზმი, ეს იყო რაღაცა თავბრუსხვევა ძალაუფლების ტკბობისგან და განცდა, რომ ყველაფერი შეუძლია "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრს. ოღონდ, როგორც კი გამოჩნდა, რომ ეს აქტივობები მოარღვევდა მთლიანად ბაზარს და მათ შორის შეაწუხა ეს "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული ბიზნესი, რომელიც არის ამ პარტიის ფინანსური მხარდამჭერი და როგორც ჩანს, ეს ამბავი მივიდა ბიძინა ივანიშვილამდე, მაშინვე საინტერესოა, რომ ეს რიტორიკა შერბილდა, - აბბს გიორგი ხიშტოვანი.  

 

ფასების ზრდის ტენდენციაზე საუბრობს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა რიჟამაძეც.

მისი თქმით, ახალი რეგულაციები — იქნება ეს ტარიფების ზრდა თუ დამატებითი შეზღუდვები — პირდაპირ აისახება პროდუქციის საბოლოო ფასზე და ასეთ პირობებში გაიაფებაზე საუბარი რეალისტური არ არის.

 

ახალი რეგულაციები, რომელსა ღებულობს და იქნება ეს გაზრდილი ტარიფი მწარმოებლისთვის თუ რიტეილ სექტორისთვის თუ ქსელური მარკეტებისთვის და ნებისმიერი ბიზნესობიექტისთვის, არ შეიძლება, რომ ამის ფონზე გაიაფების კუთხით წავიდეთ, ჩვენ არ შეიძლება ისაუბროთ რაღაც გაიაფებაზე, როდესაც, მაგალითად, ვკრძალავთ პლასტიკის მიმართულებას. კარგია, რომ გადავადდა ერთ ნაწილში, მაგრამ მეორე ნაწილობრივ ძალაში შევიდა, - ამბობს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა რიჟამაძე.

მსგავსი სიახლეები