"თვალში ნაცრის შეყრაა" - ექსპერტები ფასების კომისიის ეფექტიანობას ეჭვქვეშ აყენებენ
კიდევ უფრო გაძირებული პროდუქტების ფონზე, ექსპერტები "ოცნების" ფასების კომისიას სკეპტიკურად უყურებენ. მათი შეფასებით, კომისიის მუშაობის გაჭიანურება და შედეგების არქონა კიდევ უფრო ამძაფრებს საზოგადოებაში არსებულ უკმაყოფილებას. მათი თქმით, რეალობაში ფასების შემცირების ნაცვლად, ბაზარზე საპირისპირო ტენდენცია ფიქსირდება, რაც კომისიის ეფექტიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
ეკონომისტი პაატა ბაირახტარი აღნიშნავს, რომ მსგავსი ფორმატის ჩარევა ფასების რეგულირებაში პრაქტიკულად არ არსებობს და კომისია ვერ ახერხებს იმ შედეგის მიღწევას, რასაც საზოგადოება ელოდება. მისი შეფასებით, პროცესს უფრო ფორმალური ხასიათი აქვს და რეალურ ეკონომიკურ ეფექტზე საუბარი რთულია.
მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში არ არებობს, რომ ვინმეს ფასები ასე დაერეგულირებინოს. აქედან გამომდინარე, შედეგი ამიტომ ვერ ვნახეთ და ვერც ვნახავთ ამ ნაწილში. ორი მიმართულებაა და ორი დატვირთვა აქვს ამ კომისიას. პირველი - საზოგადოების ის ლეგიტიმური უკმაყოფილება, რომელიც საკმაოდ მაღალ ფასებთან დაკავშირებით არსებობს საზოგადოებაში, მთავრობიდან გადამისამართებული იქნას კერძო სექტორის მიმართულებით და მეორეს მხრივ, ეს კომისია ძალიან კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ სზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყარონ თითქოსდა რაღაცას აკეთებენ და რაღაცას მუშაობენ. ოფიციალური სტატისტიკითაც კი, რომელსაც სტატისტიკის სამსახური აქვეყნებს, ფასები გაზრდილია, - ამბობს პაატა ბაირახტარი.
კრიტიკულ შეფასებებს უერთდება სტრატეგიული კომუნიკაციის სპეციალისტი გიორგი კალატოზიშვილი, რომელიც აცხადებს, რომ მიმდინარე პროცესები კიდევ უფრო აჩენს ეჭვებს კომისიის რეალურ ფუნქციასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ფასების შემცირების ნაცვლად, ბაზარზე გაძვირების ტენდენცია გრძელდება, რაც როგორც კომპეტენციის, ისე ობიექტური ეკონომიკური ფაქტორების პრობლემაზე მიუთითებს.
არათუ გაიაფებას, გაძირებას ვუყურებთ, იმიტომ, რომ ნებისმიერ საკითხს სჭირდება კომპეტენცია, მათ შორის, მოლაპარაკების წარმოება. თუ ჩვენ შევხედავთ ამ ფასთა კომისიაში ვინ არიან, მაშინ ადვილი მისახვედრია რატომ არ ხდება ამ მოლაპარაკების წარმოება. მოლაპარაკების წარმოება ერთია და მეორეა კონკრეტული ობიექტური ფაქტორები, რის გამოც ვერ გაიაფდება. უფრო ვხედავთ, რომ არის ძალიან მაღალი ინფლაცია და ვხედავთ, რომ ძალიან იზრდება ფასები. მწვანილი იქნება ეს თუ მანქანა, ნებისმიერ პროდუქტზე ფასი იზრდება. მე მგონია, რომ უბრალოდ, ეს არის ძალიან კარგი წყარო იმისთვის, რომ აიღო და გაამართლო შენი არსებობა, რომ ხელფასი აიღო, სხვა შემთხვევაში, მე არ მესმის რას აკეთებს ეს კომისია, - ამბობს სტრატეგიული კომუნიკაციის სპეციალისტი გიორგი კალატოზიშვილი.