მეუფე ნიკოლოზი საუბრობს, რა ხდებოდა სინოდის სხდომაზე

28.04.26 17:19
მეუფე ნიკოლოზი საუბრობს, რა ხდებოდა სინოდის სხდომაზე

 

 

რა ხდებოდა სინოდის კრებაზე - ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი სინოდის  მედიასთან დეტალებზე საუბრობს. 

მისი თქმით, 20 ხმით უპირატესობა მეუფე შიოს ჰქონდა. მეუფე ვარაუდობს, რომ  უკვე გაფართოებულ სხდომაზე "მეუფე შიომ  შესაძლოა უფრო მეტი მხარდაჭერაც კი მიიღოს".

„არ არის გამორიცხული, რომ მეუფე შიომ [უფრო მეტი მხარდაჭერა მოიპოვოს]... არ ვიცი რა იქნება იმიტომ, რომ უკვე გასაგებია ღვთის ნება როგორია, დღეს უკვე ცხადია. იმ კანდიდატებმა [მიტროპოლიტი იობი, მიტროპოლიტი გრიგოლი] ოცზე მეტი ხმა მიიღოს, ძნელი სათქმელია. არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

მედიის წარმომადგენლებმა სასულიერო პირს ჰკითხეს, თუ როგორ გადანაწილდა დანრჩენილი 4 მღვდელმთავრის ხმა - (20 ხმა მიიღო მეუფე შიომ, 7-7 ხმა კი მიტროპოლიტმა იობმა და მიტროპოლიტმა გრიგოლმა, რაც ჯამში 34 ხმაა, სინოდის კრებას კი 38 მღვდელმთავარი ესწრებოდა). 

მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა თქვა, რომ "ვიღაცამ თავი შეიკავა, დანარჩენი ხმები კი ძირითადად სხვა კანდიდატებმა მიიღეს". 

დამაზუსტებელ კითხვაზე - ანუ გამოდის, რომ სინოდის სხდომაზე იყვნენ მღდელმთავრები, რომლებმაც დღეს პოზიცია არ დააფიქსირეს - მეუფემ ასე უპასუხა: "თავის შეკავებაც პოზიციის დაფიქსირებაა". 

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ასევე მედიასთან საუბრისას არ გამორიცხა, რომ გაფართოებული კრება, სადაც მომავალი პატრიარქი უნდა აირჩიონ, 17 მაისის შემდეგ ჩაინიშნოს. 

მანვე დასძინა, რომ "დღეს უკვე ცხადი გახდა, როგორია ღვთის ნება".

დღეს წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია: 

  1. ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი).
  2. ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი
  3. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.

ანდრია ჯაღმაიძემ მედიას უთხრა, რომ მეუფე შიომ წმინდა სინოდის წევრებისგან 20 ხმა, მიტროპოლოტმა იობმა 7, ხოლო მეუფე გრიგოლმა 7 ხმა მიიღო. 

ამასთან, დეკანოზის განცხადებით ირკვევა, რომ სხვა კანდიდატები იყვნენ მეუფე გრიგოლ კაცია, მეუფე დოსითეოსი და მეუსფე მელქისედეკი.

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები