შეიცვლება თუ არა ჟენევის მოლაპარაკების ფორმატი? - მარია ზახაროვას კითხვა კალაძის სიძემ დაუსვა
შეიცვლება თუ არა ჟენევის მოლაპარაკების ფორმატი?- კრემლის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი, მარია ზახაროვა, არ გამორიცხავს რომ ამ საკითხზე მსჯელობა გაგრძელდეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერს ამის შესახებ კითხვა კახა კალაძის სიძემ, პაატა აბულაძემ დაუსვა, რომელმაც საკუთარ თავი ტელეკომპანია TV +-ს წარმომადგენლად წარადგინა და თქვა, რომ "საბჭოთა კავშირის გმირის შთამომავალია".
მას აინტერესებდა, ხომ არ სჯობს ორ ქვეყანას შორის საუბარი სხვა ტერიტორიაზე, მაგალითად მინსკში.
მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მხარეებისთვის პრიორიტეტი შედეგი უნდა იყოს და არა ფორმატის გეოგრაფიული ცვლილება.
რაც შეეხება ამ ფორმატის ჟენევიდან გადატანას - სხვა, ნამდვილად ნეიტრალურ და ყველასათვის მისაღებ ადგილას, გაეროს, ევროკავშირის და ეუთოს თანათავმჯდომარეების გარდა არიან აფხაზეთის რესპუბლიკის, რუსეთის, სამხრეთ ოსეთის, საქართველოსა და ამერიკის წარმომადგენლები - განაცხადა ზახაროვამ.
პაატა აბულაძის კითხვა: გამარჯობა, მარია ვლადიმეროვნა, ხაზზეა თბილისი, საქართველო. მე პაატა აბულაძე ვარ და ტელეკომპანია TV +-ს წარმოვადგენ, მე საბჭოთა კავშირის გმირის შვილიშვილი ვარ. ჩემი ბავშვები რუსეთის არმიის მოსამსახურეები არიან და ახლა სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობენ. მინდა, ყველა მოვიკითხო. ახლა კი შეკითხვაზე გადავალ, შეკითხვა ეხება არსებული მოლაპარაკებების მექანიზმის ტრანსფორმაციასა და ურთიერთქმედების ახალი ფორმატების ძიებას. ცვალებად გეოპოლიტიკურ ვითარებაში მოლაპარაკების პროცესი სულ უფრო აქტუალური ხდება, ხომ არ ფიქრობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომ მოლაპარაკებების პროცესი ჟენევიდან გადაიტანოს უფრო მეგობრულ ქვეყნებში, მაგალითად ჩემ საყვარელ მინსკში, თუ დაუჭერთ მხარს ასეთ ინიციატივას?"
მარია ზახაროვას პასუხი: სიმართლე რომ გითხრათ, იმდენი წელია არა მხოლოდ ვაკვირდებით, აქტიურადაც ვმონაწილეობთ, იმდენი რამე გადავიტანეთ, რომ გვინდა არა მოლაპარაკების ადგილის ძებნა, არამედ შეთანხმება! ვფიქრობ, თქვენც იზიარებთ ამ განწყობილებას. რაც შეეხება ამ ფორმატის ჟენევიდან გადატანას - სხვა, ნამდვილად ნეიტრალურ და ყველასათვის მისაღებ ადგილას, გაეროს, ევროკავშირის და ეუთოს თანათავმჯდომარეების გარდა არიან აფხაზეთის რესპუბლიკის, რუსეთის, სამხრეთ ოსეთის, საქართველოსა და ამერიკის წარმომადგენლები.
რამდენიმე წლის წინ რუსეთმა წამოაყენა ეს წინადადება და ამას მხარი აქტიურად დაუჭირა აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა, მიზეზი ნათელია - შვეიცარიის კონფედერაციის უკანდახევა ნეიტრალური სტატუსიდან და მათი მხარდაჭერა ანტირუსული სანქციების, ევროკავშირის სანქციებისა და სხვა შემზღუდავი ზომების მისამართით, შვეიცარიის მხრიდან კოლექტიური დასავლეთის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. მოლაპარაკების პროცესის კონფიდენციალურობის ხარისხის გათვალისწინებით, ამაზე საჯაროდ ლაპარაკი დღესდღეობით ნაადრევი მგონია.
მაგრამ მუშაობა მიმდინარეობს და ამ საკითხზე აუცილებელი კონსენსუსის ჩამოყალიბებასთან ერთად ჟენევის ალტერნატივაზე გასვლის ზოგადი სურათიც გამოიკვეთება."- განაცხადა ზახაროვამ.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის შეწყდა ყველანაირი პირდაპირი დიალოგი. 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ შექმნილიყო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი, სადაც რუსეთი და საქართველო სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებთან და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა ჰუმანიტარულ საკითხზე იმსჯელებდა. ჟენევაში წელიწადში 4 რაუნდი ტარდება.