ლაშა ბერიძის ადვოკატის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე

30.04.26 14:02
ლაშა ბერიძის ადვოკატის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული პოლკოვნიკის, ლაშა ბერიძის ადვოკატმა სასამართლოზე დასკვნითი სიტყვა თქვა- რამაზ ჩინჩალაძის თქმით, ბრალდების მხარემ ვერ დაადასტურა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჰქონდა განზრახვა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისათვის.

უფლებადამცველმა ხაზგასმით განმარტა, რომ ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ შეესაბამება დანაშაულის შემადგენლობას.

მისივე განცხადებით, ბრალდებული არ მონაწილეობდა ჯგუფურ ძალადობაში ან ძალადობის კოორდინირებაში;

კანონმდებლობა და სამართლებრივი სტანდარტები მოითხოვს, რომ ლაშა ბერიძის მიმართ გამოტანილი იქნას გამამართლებელი განაჩენი - თქვა უფლებადამცველმა. 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებს ბრალდებული ლაშა ბერიძის მიერ ძალადობრივი ქმედების განხორციელებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მის ხელმძღვანელობას;
არ ადასტურებს მის მონაწილეობას ჯგუფის კოორდინირებულ მოქმედებაში; არ ადასტურებს საერთო დანაშაულებრივ განზრახვას. 
ბრალდების მხარემ ვერ დაადასტურა, რომ ბრალდებულს ჰქონდა  განზრახვა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისათვის. განზრახვა არ შეიძლება ვარაუდით ან ზოგადი გარემოებებით დადგინდეს — ის უნდა გამომდინარეობდეს კონკრეტული დადამაჯერებელი მტკიცებულებებიდან, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს.

ბრალდების მხარე ცდილობს პირის ბრალეულობის „შექმნას“ მხოლოდ მისი ადგილზე ყოფნისა და მოვლენებთან ზოგადი კავშირის საფუძველზე, რაც წინააღმდეგობაში მოდის სამართლებრივ სტანდარტებთან და შესაბამისი მუხლების კომენტარებთან.
ბრალდებულის პასუხისმგებლობის დასადგენად აუცილებელია არა უბრალოდ ადგილზე ყოფნა, არამედ აქტიური, მიზანმიმართული დადანაშაულებრივი განზრახვა. სწორედ ეს ელემენტი სრულად აკლია საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს. ბრალდების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არ იძლევა სანდო დასკვნის საფუძველს ბრალდებულის ჩართულობის შესახებ.

ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ შეესაბამება დანაშაულის შემადგენლობას;
ბრალდებული არ მონაწილეობდა ჯგუფურ ძალადობაში ან ძალადობის კოორდინირებაში;
გონივრული ეჭვი არა მხოლოდ არ არსებობს, არამედ მკაფიოდ დადასტურებულ ფაქტებთან წინააღმდეგობაშია;
კანონმდებლობა და სამართლებრივი სტანდარტები მოითხოვს, რომ ლაშა ბერიძის მიმართ გამოტანილი იქნას გამამართლებელი განაჩენი", - თქვა რამაზ ჩინჩალაძემ. 

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილის, ირაკლი ჩხვირკიას, გური ჟვანიას, ნიკა გვენცაძის და თორნიკე მჭედლიშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

  • ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
  • ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.