მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა მის შესახებ გავრცელებულ ცნობებს ქადაგების დროს სპარსული ანდაზით პასუხობს
მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა მის შესახებ გვარცელებულ ცნობებს ქადაგების დროს სპარსული ანდაზით გამოეხმაურა - "თავს ნუ იმართლებ, იმიტომ, რომ მეგობარს შენი ისედაც სჯერა, მტერი კი მაინც არ დაგირეჯერებს"- თქვა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა.
სასულიერო პირმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა, თუმცა ქადაგების იმ ნაწილში, რომელიც ეპარტიის გვერდზე გავრცელდა, მეტი კონკრეტიკა არ არის.
არ შემიძლია, არ აღვნიშნო და კვლავ ჩემი მადლობა გამოვხატო ყველა ადამიანის მიმართ, რომლებმაც ამ ორი-სამი დღის განმავლობაში გამოხატა თავისი გრძნობა საქართველოს ეკლესიის მიმართ, საქართველოს წმინდა სინოდის წევრთა და ჩემს მიმართ.
რაღაც შფოთსა და გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, რომელსაც სამწუხაროდ, ახლდა რაღაც ჭორები და არის ასეთი გამონათქვამი სპარსელი დიდი პოეტისა ომარ ჰაიამისა: თავს ნუ იმართლებო, იმიტომ, რომ მეგობარს შენი ისედაც სჯერაო, მტერი კი მაინც არ დაგირეჯერებსო და ყველა, ვინც თავისი გრძნობით გამოხატა და მხარდაჭერით გამოხატა ის, რომ სჯერათ ჩემი, ყველას მინდა, მადლობა მოვახსენო. ღმერთმა დაგიფაროთ და ღვთის მადლი და წყალობა იყოს თქვენთან, - თქვა ქადაგებისას მიტროპოლიტმა.
ცნობისთვის, 30 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სინოდის სხდომაზე საპატრიარქო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენება სურდა მიტროპოლიტ ანდრია გვაზავას. "ფორმულას" ცნობით, "მოსაყდრე შიოს მხარდაჭერებმა" მეუფეს "გარკვეულ ზნეობრივ დარღვევაზე" მიუთითეს, რის შემდეგაც მიტროპოლიტმა კანდიდატურის დაყენება გადაიფიქრა.
მიტროპოლიტ ანდრია გვაზავასთან დაკავშირებით გავრეცელებულ ინფორმაციაზე განცხადება გაავრცელა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმაც.
საპატრიარქოს მიხედვით, მოჩვენებითი ქომაგობითა და ზღვარსგადასული ინტერესით, ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ცდილობენ, რომ დააკნინონ მღვდელმთავრების ღირსება.
შეგახსენებთ, რომ 28 აპრილს, სინოდის სხდომაზე 3 საპატრიარქო კანდიდატი გამოირჩიეს.
სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები არიან:
- მეუფე შიო (მუჯირი) — სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე;
- მეუფე იობი (აქიაშვილი) — მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი;
- მეუფე გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) — ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი.
ფარული ხმის მიცემის შედეგად კანდიდატთა ხმები ასე გადანაწილდა:
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა – 7-7 ხმა.