დღეს, სასულიერო სემინარიაში მეუფე იობის დიპლომთან დაკავშირებით იმსჯელებენ
თბილისის სასულიერო სემინარიაში დღეს რუის-ურბნისის ეპისკოპოსის, მეუფე იობის დიპლომთან დაკავშირებით იმსჯელებენ. როგორც "პირველებს" სემინარიის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა განუცხადა, სწორედ დღეს გაიმართება სხდომა, რომელიც მიიღებს შესაბამის დასკვნას მიტროპოლიტიკის დიპლომთან დაკავშირებით.
ჩვენ ვხელმძღვანელობთ მისი უწმინდესობის 134-ე ბრძანების შესაბამისად. ამ საკითხთან დაკავშირებით არის საქმის წარმოება დაწყებული, რაც გამოიხატება შემდეგში, რომ ჩვენ მოვიძიეთ ნაწილი ძველი დოკუმენტაციისა და შესაბამისად, დღეს სწორედ ამ დოკუმენტაციის შესწავლასთან დაკავშირებით გაიმართება ფაკულტეტზე არსებული კვალიფიკაციის მიმნიჭებელი სხდომა, რომელზეც გაიმართება ამ საკითხებთან დაკავშირებით შესაბიმისი მსჯელობა და მიიღებს შესაბამის დასკვნას და გადაწყვეტილებას", - განაცხადა სემინარიის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა.
ცნობისთვის, გუშინ წმინდა სინოდის წევრმა, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, გიორგი ჯამდელიანმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ პატრიარქობის კანდიდატის, მეუფე იობის დიპლომი გაუჩინარებულია. მან გამოთქვა ეჭვი, რომ მეუფე იობს დიპლომი მოჰპარეს.
შეგახსენებთ, რომ 28 აპრილს, სინოდის სხდომაზე 3 საპატრიარქო კანდიდატი გამოირჩიეს.
სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები არიან:
- მეუფე შიო (მუჯირი) — სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე;
- მეუფე იობი (აქიაშვილი) — მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი;
- მეუფე გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) — ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი.
ფარული ხმის მიცემის შედეგად კანდიდატთა ხმები ასე გადანაწილდა:
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა – 7-7 ხმა.