Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს

05.05.26 11:32
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს

აქტივისტი ქალი ია მელითაური სასამართლომ 2500 ლარით დააჯარიმა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მელითაურს სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდა.

ფეისბუკპოსტი, რომელსაც ია მელითაურს მიაწერენ, შსს-ს მტკიცებით, პოლიციელ ლაშა სალუქვაძეზე დაიწერა. ტექსტში ნახსენებია მხოლოდ გვარი [სალუქვაძე], სახელის გარეშე.

ადვოკატები ამბობენ, რომ ბრალდების მხარე ვერ ამტკიცებს, რომ ფეისბუკანგარიში, რომელზეც პოსტი იყო გამოქვეყნებული, ია მელითაურს ეკუთვნის.

მელითაური ჯარიმის გადახდას არ აპირებს.

შეგახსენებთ, იმასაც, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მაღალჩინოსნის, ლაშა სალუქვაძის სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის საფუძვლით, 2025 წლის ნოემბერში, მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა 5000 ლარით დააჯარიმა აქტივისტი ნათია გაბრავა.