მეუფე ზენონი: სინოდმა მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორის წერილობითი მოწმობის საფუძველზე დაადასტურა მიტროპოლიტ იობის დიპლომის გაცემის ფაქტი

05.05.26 11:37
მეუფე ზენონი: სინოდმა მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორის წერილობითი მოწმობის საფუძველზე დაადასტურა მიტროპოლიტ იობის დიპლომის გაცემის ფაქტი

სინოდმა მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორის წერილობითი მოწმობის საფუძველზე დაადასტურა მიტროპოლიტ იობის დიპლომის გაცემის ფაქტი - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსი ზენონ იარაჯული სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, აღნიშნული სინოდური გადაწყვეტილება წარმოადგენს საკმარის საფუძველს და გამორიცხავს მისი (დიპლომის) არაღიარების შესაძლებლობას.

მსურს განვმარტო, რომ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის მღვდელმთავართა კრებამ (წმიდა სინოდი),როგორც ეკლესიის უმაღლესმა საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ორგანომ, მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორის (მიტროპოლიტი ზოსიმე) წერილობითი მოწმობის საფუძველზე დაადასტურა ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტის, ყოვლადსამღვდელო იობის შესაბამისი საღვთისმეტყველო განათლების დამადასტურებელი მოწმობის (დიპლომი) გაცემის ფაქტი.
შესაბამისად, აღნიშნული სინოდური გადაწყვეტილება წარმოადგენს საკმარის და სრულ სამართლებრივ საფუძველს, ქმნის სრულ იურიდიულ ეფექტს, განამტკიცებს მის ლეგიტიმურობას და გამორიცხავს მისი არაღიარების შესაძლებლობას. 
აქვე აღვნიშნავ, რომ სინოდის გადაწყვეტილება ფლობს უმაღლეს იურიდიულ ძალას საეკლესიო სამართლებრივ იერარქიაში. სინოდური დადგენილება ან გადაწყვეტილება როგორც ეკლესიის უმაღლესი ორგანოს აქტი აღემატება ყველა ქვემდგომ ნორმატიულ და ინდივიდუალურ აქტს, მათ შორის ბრძანებებს", - წერს მიტროპოლიტი.

ცნობისთვის, გუშინ წმინდა სინოდის წევრმა, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, გიორგი ჯამდელიანმა  "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ პატრიარქობის კანდიდატის, მეუფე იობის დიპლომი გაუჩინარებულია. მან გამოთქვა ეჭვი, რომ მეუფე იობს დიპლომი მოჰპარეს. 

შეგახსენებთ, რომ 28 აპრილს, სინოდის სხდომაზე 3 საპატრიარქო კანდიდატი გამოირჩიეს.

სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები არიან:

  1. მეუფე შიო (მუჯირი) — სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე;
  2. მეუფე იობი (აქიაშვილი) — მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი;
  3. მეუფე გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) — ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი.

ფარული ხმის მიცემის შედეგად კანდიდატთა ხმები ასე გადანაწილდა:

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა – 7-7 ხმა.