თავდასხმა პოლტავაზე - დაღუპულებს შორის 2 მაშველია, რომელთაგან ერთს უკრაინის გმირის წოდება აქვს
უკრაინის პოლტავას ოლქზე, "ნაფტოგაზის" ობიექტებზე თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგან ენერგოობიექტის სამი თანამშრომელია, ორი კი მაშველი. მედიის ინფრომაციით, გაზრდილია დაშავებულების რაოდენობა და ის ამ მომენტისთვის 37-ს შეადგენს.
უკრაინის განსაკუთრებულ საქმეთა სამსახურის მაშველები განმეორებითი იერიშის დროს დაიღუპნენ. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დაწერა, მათ შორის არის უკრაინის გმირის წოდების მქონე ვიქტორ კუზმენკო.
"აბსოლუტური ცინიზმია, ითხოვდე ცეცხლის შეწყვეტას პროპაგანდისტული დღესასწაულის ჩასატარებლად და თან რაკეტებითა და დრონებით იერიშები მიგქონდეს აქამდე ყოველ დღე. ყოველ დღე რუსეთს შეუძლია ცეცხლის შეწყვეტა და ეს შეაჩერებს ომსა და ჩვენს საპასუხო დარტყმებს. საჭიროა მშვიდობა და ამისთვის საჭიროა რეალური ნაბიჯები. უკრაინა სარკისებურად იმოქმედებს." - დაწერა ზელენსკიმ.
კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების იერიშებს ბუნებრივი აირის წარმოების მნიშვნელოვანი დანაკარგი მოჰყვა. გაზმომარაგების გარეშე დარჩა 3 500-მდე ადამიანი.