სასულიერო სემინარიაში მეუფე იობის დიპლომთან დაკავშირებით იმსჯელეს - გადაწყვეტილებას მიტროპოლიტს წერილობით აცნობებენ

05.05.26 15:13
სასულიერო სემინარიაში მეუფე იობის დიპლომთან დაკავშირებით იმსჯელეს - გადაწყვეტილებას მიტროპოლიტს წერილობით აცნობებენ

თბილისის სასულიერო სემინარიაში  რუის-ურბნისის ეპისკოპოსის, მეუფე იობის დიპლომთან დაკავშირებით იმსჯელეს - კვალიფიკაციის მიმნიჭებელი სხდომა სემინარიაში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. 

თუ რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული ეპისკოპოსისთვის დიპლომის ხელახლა გაცემასთან დაკავშირებით, ეს ჯერ უცნობია. როგორც სემინარიაში "პირველებს" უთხრეს, ამის შესახებ მეუფე იობს წერილობით აცნობებენ.

სხდომის დაწყებამდე "პირველები" თბილისის სასულიერო აკადემიის და სემინარიის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსს, დურმიშხან ლაშხს ესაუბრა. 

ჩვენ დავიწყეთ მუშაობა მეუფის შესაბამისი წერილის საფუძველზე. ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, რადგან ეს ცოტა დიდ სამუშაოს მოიცავს. დამუშავებულ იქნა არქივი, მოვიზიეთ შესაბამისი ინფორმაცია და შესაბამისი რეგულაციებიდან გამომდინარე დღეს თბილისის სასულიერო სამინარია აკადემიაში გაიმართება კვალიფიკაციის მიმნიჭებელი სხდომა, სადაც განხილულ იქნება მოძიებული მტკიცებულებები და ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღებს გადაწყვეტილებას დასახელებული ერთეული. დიპლომის მტკიცებულებები რაც არის მოძიებული, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტს კლალიფიკაციის მიმნიჭებელი საბჭო", - განაცხადა ლაშხმა. 

ცნობისთვის, გუშინ წმინდა სინოდის წევრმა, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, გიორგი ჯამდელიანმა  "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ პატრიარქობის კანდიდატის, მეუფე იობის დიპლომი გაუჩინარებულია. მან გამოთქვა ეჭვი, რომ მეუფე იობს დიპლომი მოჰპარეს. 

შეგახსენებთ, რომ 28 აპრილს, სინოდის სხდომაზე 3 საპატრიარქო კანდიდატი გამოირჩიეს.

სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები არიან:

  1. მეუფე შიო (მუჯირი) — სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე;
  2. მეუფე იობი (აქიაშვილი) — მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი;
  3. მეუფე გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) — ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი.

ფარული ხმის მიცემის შედეგად კანდიდატთა ხმები ასე გადანაწილდა:

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა – 7-7 ხმა.

 

მსგავსი სიახლეები