როგორც ჩანს, რაღაც პროცესები ხდება საბოლოო გადაწყვეტილების წინ - ეკა ბესელია მეუფე იობის დიპლომის გაქრობაზე
როგორც ჩანს, რაღაც პროცესები ხდება საბოლოო გადაწყვეტილების წინ - ასე ეხმაურება ეკა ბესელია ეპისკოპოს გიორგი ჯამდელიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, მეუფე იობის დიპლომის გაქრობასთან დაკავშირებით.
ბესელია ამბობს, რომ დიპლომის საკითხი არ უნდა განიხილებოდეს, როგორც დამაბრკოლებელი ფაქტორი და თუ ამის გამო რუის-ურბნისის ეპისკოპოსი პატრიარქობის კანდიდატობას გამოეთიშება, ეს მისი თქმით, სასულიერო პირისთვის ხელოვნური ბარიერის შექმნა იქნება.
ასეთი გარემოებები, რომელიც უკავშიდება დიპლომის გაქრობის ამბავს, ჩემთვის ძალიან დამაფიქრებელია - როგორც ჩანს, რაღაც პროცესები ხდება ამ საბოლოო გადაწყვეტილების წინ, რაც არ არის ალბათ შემთხვევითი. თუ ეს მიზეზად იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ მეუფე იობი არ იყოს კანდიდატებს შორის, მაშინ გაცილებით ღრმა კვალი აქვს ამ ყველაფერს. როცა საჯაროდ ამაზე საუბარი ხდება, ეს სწორიც არის, იმიტომ, რომ პატრიარქის არჩევის პროცესი არის უდიდესი მნიშვნელობის, საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი პროცესი. ის არ შეიძლება იყოს ჩაკეტილი ოთახში და სადღაც სივრცეში. მე პირადად ვიცნობ მეუფე იობს, უდიდეს პატივს ვცემ მას. დიპლომის საკითხი არც კი უნდა განიხილებოდეს, როგორც დამაბრკოლებელი ფაქტორი. ეს იქნება მართლაც ხელოვნური ბარიერის შექმნა და არც კი მინდა ამის დაშვება, რომ ის ამ გზით ამ პროცესს შეიძლება ჩამოშორდეს", - აცხადებს ეკა ბესელია.
თბილისის სასულიერო სემინარიაში რუის-ურბნისის ეპისკოპოსის, მეუფე იობის დიპლომთან დაკავშირებით იმსჯელეს - კვალიფიკაციის მიმნიჭებელი სხდომა სემინარიაში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
თუ რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული ეპისკოპოსისთვის დიპლომის ხელახლა გაცემასთან დაკავშირებით, ეს ჯერ უცნობია. როგორც სემინარიაში "პირველებს" უთხრეს, ამის შესახებ მეუფე იობს წერილობით აცნობებენ.
ცნობისთვის, გუშინ წმინდა სინოდის წევრმა, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, გიორგი ჯამდელიანმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ პატრიარქობის კანდიდატის, მეუფე იობის დიპლომი გაუჩინარებულია. მან გამოთქვა ეჭვი, რომ მეუფე იობს დიპლომი მოჰპარეს.
შეგახსენებთ, რომ 28 აპრილს, სინოდის სხდომაზე 3 საპატრიარქო კანდიდატი გამოირჩიეს.
სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები არიან:
- მეუფე შიო (მუჯირი) — სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე;
- მეუფე იობი (აქიაშვილი) — მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი;
- მეუფე გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) — ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი.
ფარული ხმის მიცემის შედეგად კანდიდატთა ხმები ასე გადანაწილდა:
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა – 7-7 ხმა.