"ციხეში ვზივარ აღქმების გამო" - ლევან ხაბეიშვილის სიტყვა სასამართლოზე
"ციხეში ვზივარ აღქმების გამო" - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას პროცესზე ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, 9 თვეა, რაც პროცესი მიმდინარეობს მის წინააღმდეგ და ამ დროის განმავლობაში 9 წინადადება არ მოუსმენია მის წინააღმდეგ.
სხდომაზე ლევან ხაბეიშვილმა იკითხა მსოფლიოში თუ არსებობდა ერთი პრეცედენტი მაინც, სადაც პოლიტიკოსი მხოლოდ და მხოლოდ განცხადების გამო დააკავეს.
პროცესი არა არის სამართლიანი, მე არ ვუყურებ ამას სამართლებრივ ჭრილში და დადასტურდა ამ სასამართლო სხდომაზე... მაისი არის მეცხრე თვე და ამ ცხრა თვის განმავლობაში ცხრა წინადადება არ გვინახავს ხაბეიშვილის წინააღმდეგ. ჩემ საქმესთან დაკავშრებით პროკურორს სამე არ წარმოუჩენია, 2 კვირაში საქმე მორჩა, მოწმეები რომლებიც ჰყავდა ისინიც ფაქტობრივად სამიდან ორი არც მოვიდა. სასამართლო პროცესი მივიდა მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებამდე. მოდი პირდაპირ ვთქვათ, ჩემი მბრალდებელი ყოფილა გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია, თეა ადეიშვილი, დიანა ტრაპაიძე.
ერთი პრეცედენტი თუ არსებობს, თუნდაც მსოფლიოში, სადაც მხოლოდ და მხოლოდ განცხადებების გამო არის პოლიტიკოსი დაკავებული. მაკრონი დასაჭერი ყოფილა, გუშინ თქვა, რომ მსოფლიოში ფაშინიანმა მოახდინა რევოლუცია. ვკითხოთ ოცნების მომხრეებს [რატომ ვარ დაჭერილი].
ჩემ საქმეზე მოწმე არ არსებობს, ჩემ საქმეზე გამოძახებული, დანიშნული მოწმე. საბოლოო ჯამში საქმე იქამდე მივიდა, რომ სუს-მა დამიჭირა, მდინარაძემ, გამოყო ვიღაცა გდდ-ს უფროსმა მოწმე და ესეც თანამშრომელი აღმოჩნდა.
ციხეში ვზივარ აღქმების გამო. თურმე კინწისკვრა ყოფილა ძალადობა. დედა ვუტიროთ ნიშნავს, რომ ვინმეს დედასთან უნდა მივიდე და ვატირო?
17 აპრილს დავილაპარაკე პირველად ჩემ სხდომაზე და 5 მაისს აგერ პროკურორმა თქვა არაფერი აღარ მაქვსო. ვდარდობ იმიტომ, რომ კიდევ ასობით პატიმარია დილეგში...
იცით რას ფიქრობს ხალხი? - თუ იმას ასე ექცევიან პოლიტიკოსია, პარლამენტის წევრი იყო, ოპოზიციონერი, იმას რომ ასე ექცევიან, უბრალო მოქალაქე სად იპოვის სამართალს ამ ქვეყანაში.
ლაპარაკი გვაქვს აკრძალული. გამოჩნდება ვიღაცა ახალი ლიდერი, რომ ამბობენ, ვინ გამოჩნდება, ვინც დაილაპარაკებს დაიჭერენ.
რაღაცას მომისჯიან, მიუხედავად იმისა რომ არ ვიცი როგორ უნდა დაიწეროს სამართლებრივად. რა უნდა დაწეროს - არ იმოქმედა არაფერი, ილაპარაკა ინგა გრიგოლიასთან," - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ედავებიან, რომ უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდება განახორციელა.
- ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.
- ამასთან, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.
მურთაზ ზოდელავას კი ედავებიან, რომ ის უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება.
- მურთაზ ზოდელავას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.