პენიტენციური სამსახური ნანა სანდერს პასუხობს

05.05.26 16:29
პენიტენციური სამსახური ნანა სანდერს პასუხობს

სპეციალური პენიტენციური სამსახური სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებულ ნანა სანდერს პასუხობს. როგორც პენიტენციური სამსახურში "პირველებს" განუცხადეს, "ბრალდებულის პრეტენზია ვერ იქნება გაზიარებული". 

უწყება აღნიშნავს, რომ "შემოწმების პროცესში მონაწილეთა მხრიდან მისი შეურაცხყოფის, ძალადობის, ფსიქოლოგიური ზეწოლის, სექსუალური შევიწროების და სრულად გაშიშვლების მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია".

რაც შეეხება დაწესებულებაში ხანძართან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში "პირველებს" უთხრეს, რომ  "დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწყობში ნამდვილად იყო მცირე აალება", თუმცა მისი ლოკალიზება მოხდა ადგილობრივად. 

"აღნიშნულს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საცხოვრებელ ტერიტორიასთან რაიმე შემხებლობა არ ჰქონია, რასაც შეეძლო მათი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება" - ამბობენ პენიტენციურ სამსახურში. 

ბრალდებულის განცხადების საფუძველზე ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში მოპოვებული დოკუმენტაციის შესწავლით და გამოკითხულ პირთა ახსნა-განმარტებებით დადგინდა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებისას ნ. სანდერის პირადი შემოწმება-დათვალიერება პენიტენციური კოდექსისა და №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების მოთხოვნათა დაცვით ჩატარდა.

შემოწმების პროცესში მონაწილეთა მხრიდან მისი შეურაცხყოფის, ძალადობის, ფსიქოლოგიური ზეწოლის, სექსუალური შევიწროების და სრულად გაშიშვლების მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია.

ბრალდებულს არაერთხელ და დეტალურად განემარტა ჩასატარებელი პირადი სრული შემოწმების განხორციელების პროცედურების, ფორმისა და საჭიროების თაობაზე. შესაბამისად, ბრალდებულის პრეტენზია ვერ იქნება გაზიარებული.

გარდა ამისა, არ დადასტურდა ნ. სანდერის პრეტენზიები ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით, თითქოსდა სამედიცინო პერსონალი სათანადო ყურადღებას არ აქცევდა და არანაირი მკურნალობა არ ჩატარებია.

ბრალდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებისას, 2025 წლის 10 ოქტომბერს ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო შემოწმება. გარდა ამისა, მას არაერთხელ აქვს ჩატარებული სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაციები და კლინიკური ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევები, მათ შორის სამოქალაქო სექტორის კლინიკებში.

დაწესებულებაში ხანძართან დაკავშირებით აღვნიშნავთ, რომ დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწყობში ნამდვილად იყო მცირე აალება, ლოკალიზება მოხდა ადგილობრივად, რის შესახებაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ეცნობა შესაბამის საგამოძიებო უწყებას.

აღნიშნულს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საცხოვრებელ ტერიტორიასთან რაიმე შემხებლობა არ ჰქონია, რასაც შეეძლო მათი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება" - აღნიშნავენ უწყებაში. 

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულმა ნანა სანდერმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ "ციხის პერსონალის წარმომადგენელმა ნინო ქუთათელაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე მიმიყვანა". ქალი ამტკიცებს, რომ ქუთათელაძე მას "აგინებდა და შეურაცხყოფას აყენებდა". 

დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა თქვა, რომ ციხეში "ხანძარი მოხდა". 

ციხეში მოხდა ხანძარი, იმ კუნძულზე, სადაც მე ვიმყოფები. ციხის დირექტორს, რომელიც კვამლისგან იხრჩობოდა და იგუდებოდა, ვეუბნებოდი, რომ რაიმე გაეღო, რომ ჰაერს მოძრაობა შესძლებოდა, რადგან ეს კვამლი ჩვენთან შემოდიოდა. ერთ პატიმარს თვალები ეწვოდა, მე ყველაფერი. ციხის დირექტორს და ადმინისტრაციის თანამშრომელ, ნინო ქუთათელაძეს ვეუბნებოდი, რომ ჟანგბადი მჭირდებოდა, მაგრამ მიყვიროდნენ და მეუბნებოდნენ - "სად არის კვამლიო". ამის შემდეგ 2 კვირის განმავლობაში კვამლის დეტექტორს ვითხოვდი, რაზეც უსაფრთხოების თანამშრომელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა, რის შემდეგაც ციხის კარების სარკმელზე ხელი ამირტყა და ოთხი თითი დამიზიანა"- თქვა ნანა სანდრმა. 

სანდერი  28 აპრილის ვიდეოჩანაწერების ამოღებას ითხოვს.  

მსგავსი სიახლეები