დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების პასუხი კობახიძეს
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ირაკლი კობახიძეს და მიხეილ სარჯველაძეს პასუხობენ და ამბობენ, რომ “ბრძოლა არ შეწყდება, ვიდრე არ იქნება წამალი“.
მშობლები კობახიძეს დებატებში იწვევენ. მათი თქმით, ისინი დაუდებენ ფაქტებს იმაზე, რომ მედიკამენტი ნამდვილად მუშაობს.
არ ეყოთ ის, რომ მედიკამენტები გააშავეს, ახლა უკვე ცდილობენ ფარმაცევტული კომპანიები წავიდნენ ჩვენგან, რაც ჩვენ ვიწვალეთ, ეს ფარმაცევტული კომპანიები მოიძიერთ, მოვიზიდეთ და მოვიყვანეთ ჩვენთან, ისინი თანახმა არიან, რომ აღნიშნული მედიკამენტი შემოვიდეს, ოღონდ სახელმწიფოსგან იყოს გადადგმული ნაბიჯები, იყოს შეხვედრები, დაგეგმვა. არც იცის ივანიშვილის მთავრობამ ჩვენ რას ვებრძვით. გამოდით და შეგვხვდით, გამოდით და დაგველაპარაკეთ.სარჯველაძემ იცის, ჯანდაცვის მინისტრმა იცის, რა იცის? კაცმა არაფერი იცის, ჩვენგან გაიგო, რა იყო დიუშენის კუნთოვანი დისტროფია. საერთო არანაირი ემპათია არ გააჩნიათ ბავშვების მიმართ, სიბრალული არ გააჩნიათ ჩვენს მიმართ, აქ ღამეებს ვათევთ, წვიმაში, - ამბობს ერთ-ერთი მშობელი.
მობრძანდით ბატონო კობახიძე და თუ თქვენ არ გაქვთ ეს ფაქტები, ჩვენ გაჩვენებთ, რომ ეს წამლები ნამდვილად მუშაობს. ნუ შეირცხვენთ სამუდამოდ სახეს, ადამიანი გვეგონეთ და ვერ ყოფილხართ. 4 შვილის მამა, როგორ გამოდიხარ და შემოფარგლები ასე ტრაფარეტულად, როცა არაფერი საბუთი არ გაქვს და ჰაერზე ლაპარაკობ,მოდი და დაგვიდე საბუთები და ჩვენც დაგიდებთ, მოდი, ნუ გეშინია, - ამბობს კიდევ ერთი მშობელი.
მშობლების პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და ამბობენ, რომ ხვალ 7 საათზე, ბიძინა ივანიშვილის სახლთან შეიკრიბებიან და მასაც მოსთხოვენ ქვეყანაში მედიკამენტის შემოტანას.
ცნობისთვის, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები უკვე თითქმის ორი კვირაა კანცელარიასთან ღამეს ათენებენ და ბავშვებისთვის წამალს ითხოვენ.