"პირველების" ინფორმაციით, მეუფე იობს განათლების ხარისხი დაუდასტურეს
პატრიარქობის კანდიდატს, მეუფე იობს განათლების ხარისხი დაუდასტურეს. ამის შესახებ ინფორმაცია "პირველებს" სასულიერო სემინარიის აკადემიის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა დურმიშხან ლაშხმა დაუდასტურა. მისი თქმით, კომისიამ გადაწყვეტილება მიწოდებულ და საარქივო მასალებზე დაყრდნობით მიიღო.
ესე იგი, კვალიფიკაციის მიმნიჭებელმა კომისიამ მიწოდებულ მასალებზე დაყრდნობით, საარქივო მონაცემებზე დაყრდნობით, მიიღო დადებითი გადაწყვეტილება. მეუფე იობს დაუდასტურდა განათლება. ამ საკითხთან დაკავშირებით მე მეტის თქმა არ შემიძლია - თქვა ლაშხმა სატელეფონო საუბრისას.
ცნობისთვის, გუშინ წმინდა სინოდის წევრმა, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, გიორგი ჯამდელიანმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ პატრიარქობის კანდიდატის, მეუფე იობის დიპლომი გაუჩინარებულია. მან გამოთქვა ეჭვი, რომ მეუფე იობს დიპლომი მოჰპარეს.
უკვე დღეს თბილისის სასულიერო სემინარიაში რუის-ურბნისის ეპისკოპოსის, მეუფე იობის დიპლომთან დაკავშირებით იმსჯელეს. სემინარიას თავად მეუფე იობმა მიმართა, რადგან, მისი თქმით, სურდა, სპეკულაციები თავიდან აეცილებინა.