დაკავება ჯაშუშობის ბრალდებით - ვისი დახმარებით აგროვებდა ინფორმაციას მოქმედი მაღალჩინოსანი და რა დევს საქმეში

05.05.26 20:12
დაკავება ჯაშუშობის ბრალდებით - ვისი დახმარებით აგროვებდა ინფორმაციას მოქმედი მაღალჩინოსანი და რა დევს საქმეში

ჯაშუშობის ბრალდებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პრესსპიკერი და ფინანსთა სამინისტროს მოქმედი მაღალჩინოსანი გიორგი უძილაური დააკავა.

უძილაური საკუთარი კაბინეტიდან აიყვანეს. ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ფინანსური პოლიციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

სამთავრობო მედიის ინფორმაციით, დაკავებული ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის სასარგებლოდ მოქმედებდა.

ფინანსთა სამინისტრო არ აკონკრეტებს, ჩატარდა თუ არა ჩხრეკა უძილაურის სამუშაო კაბინეტში და ამოიღეს თუ არა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები.

ირკვევა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გიორგი უძილაურს თვეების განმავლობაში უთვალთვალებდა.

გამოძიების ვერსიით, ის კონფიდენციალურ შეხვედრებს დაშიფრული კომუნიკაციის საშუალებით აორგანიზებდა და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენელს აწვდიდა საიდუმლო ინფორმაციას — მათ შორის, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე, ასევე ძალოვან უწყებებში არსებულ ვითარებაზე.

სამთავრობო მედია იუწყება, რომ გიორგი უძილაური ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის სასარგებლოდ მუშაობდა, თუმცა საგამოძიებო უწყება არ აკონკრეტებს, რომელ ქვეყანაზეა საუბარი.

სუსის ბრიფინგიდან ასევე გაირკვა, რომ უძილაური ჯაშუშურ საქმიანობაში იყენებდა როგორც მოქმედ თანამდებობას, ისე წარსულში დაგროვილ გავლენებსა და კავშირებს.

გიორგი უძილაური 2012 წელს „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის მენეჯერი იყო. მოგვიანებით კი „ქართუ ჯგუფში“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობდა. ის ბიძინა ივანიშვილის გვერდით ხშირად ჩნდებოდა პრესკონფერენციებზე და საჯარო განცხადებებს აკეთებდა, მათ შორის, ე.წ. „ხეების გადატანის“ საქმეზეც.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები