"წარსულში ჩემ მიერ განხილული საარჩევნო დავასთან დაკავშირებით გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც შეიცავენ სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს" - ვლადიმერ ხუჭუა
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას განცხადებით, მის მიერ განხილულ საარჩევნო დავასთან დაკავშირებით, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებს ეხებოდა, გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც შეიცავენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სხვადასხვა დანაშაულის ნიშნებს და საჭიროებენ შესაბამის სამართლებრივ შეფასებას.
ვლადიმერ ხუჭუას განცხადებას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე განმარტავს, რომ მან ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა პროკურატურას, თუმცა, დღემდე არ არის ცნობილი სისხლის სამართლის გამოძიების დაწყების ან სხვა სამართლებრივი პროცედურების თაობაზე.
საზოგადოებრივი ინტერესისა და საკითხის განსაკუთრებული მნიშვნელობის გათვალისწინებით ვადასტურებ, რომ წარსულში ჩემ მიერ განხილული საარჩევნო დავასთან დაკავშირებით გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც შეიცავენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სხვადასხვა დანაშაულების ნიშნებს და საჭიროებენ შესაბამის სამართლებრივ შეფასებას.
არსებული ინფორმაცია, დადგენილი წესით, დეტალურად ვაცნობე საქართველოს გენერალურ პროკურორს, რათა დაუყოვნებლივ დაწყებულიყო სისხლის სამართლის გამოძიება. თუმცა, დღემდე არ არის ცნობილი გამოძიების დაწყების ან სხვა სამართლებრივი პროცედურების თაობაზე. ზემოაღნიშნულმა ფაქტმა შესაძლოა, წარმოშვას საფუძვლიანი ეჭვი, რომ ადგილი აქვს შერჩევით სამართალს და საკითხის პოლიტიზაციას, რაც პირდაპირ აზიანებს სამართლის უზენაესობის პრინციპს და საზოგადოებრივ ნდობას. ყველასთვის ცნობილი და გასაგები უნდა იყოს, რომ საარჩევნო პროცესი წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველს, ხოლო სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოს მისი სამართლებრივი სიწმინდე.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემ მიერ განხორციელებული მართლმსაჯულება ეფუძნება მხოლოდ კანონს და სამართალს. ამასთან, ვემსახურები იმას, რომ ყველა პროცესში მაქსიმალურად დაცული იყოს სასამართლოს მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა და ავტორიტეტი," - ნათქვამია მოსამართლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ: ვლადიმერ ხუჭუა, რომელმაც არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და ორი ოლქის შედეგები გააბათილა, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს იკავებს 2022 წლის ოქტომბრიდან.
რა გადაწყვეტილება მიიღო ვლადიმერ ხუჭუამ 2024 წლის 4 ნოემბერს?
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ორ ოლქში ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა. ამ გადაწყვეტილებით, მან არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" სარჩელი დააკმაყოფილა და წალკისა და თეთრიწყაროს ოლქებში შემავალი რამდენიმე ელექტრონული უბნის შედეგები გააბათილა.
სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ მტკიცებულებების გამოკვლევით, ამ საარჩევნო აპარატით ამ საარჩევნო ბიულეტენით, ამ საარჩევნო ჩარჩო კონვერტით, ხმის დაცულობის და ხმის ფარულობის გარანტია ამომრჩეველს არ ჰქონდა. აქ ლაპარაკია გარანტიაზე", - განაცხადა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ 4 ნოემბერს გამართულ სხდომაზე.
რა გადაწყვეტილება მიიღო 2024 წლის 7 ნოემბერს 22 საათიანი სხდომის დასრულების შემდეგ სააპელაციო სასამართლომ?
ხუჭუას გადაწყვეტილება ცესკო-მ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. საბოლოოდ სააპელაციომ დააკმაყოფილა ცესკოს მოთხოვნა და გააუქმა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილება ხმის ფარულობის დარღვევის გამო წალკისა და თეთრიწყაროს ელექტრონულ უბნებზე ბიულეტენების ბათილად ცნობისა და არჩევნების ხელახლა ჩატარების შესახებ.