გორში მოქალაქეების ცემისთვის დაკავებული პოლიციელები საპროცესოს ითხოვენ
გორში პაპუნა ლოცულაშვილსა და ლაშა აბისულაშვილს ცემის ფაქტზე დაკავებული პოლიციელები საპროცესო შეთანხმებას ითხოვს.
საუბარია 27 მაისს გორში მომხდარ ძალადობის ფაქტზე.
განსასჯელის სკამზე 6 პოლიციელი ზის: ვლადიმერ გოდერძიშვილი; ვანიკო მისირელი;
გიორგი (ზაკო) წკრიალაშვილი; ალექსი ბადალოვი; ბესო მალაციძე; საბა წაველიძე.
„საპროცესო შეთანხმებაზე ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი პოზიცია, გადაწყვეტილება არ არის ჩამოყალიბებული. განცხადებით მოგვმართა ექვსივე ბრალდებულის ადვოკატმა და ითხოვენ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, თუმცა პოზიცია ჯერ ჩამოყალიბებული არ გვაქვს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას პროკურორმა.
გუშინ, 4 ნოემბერს რადიო თავისუფლება გორში ამ საქმის სასამართლო სხდომას დაესწრო - საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა, მხარეები მოწმეებს ჰკითხავენ.
რა მოხდა გორში?
- 27 მაისს პოლიციამ გორში 30 წლამდე კაცზე, პაპუნა ლოცულაშვილზე იძალადა; შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, 28 მაისს განაცხადა, რომ მოქალაქე საპოლიციო გადამოწმების მიზნით იყო შეჩერებული და ძალადობას წინ უსწრებდა მისი მხრიდან „აგრესიული ქმედება“ და „თავდასხმა“.
- პოლიციელების წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით. ეს მუხლი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს ძალადობით ან იარაღის გამოყენებით;
- გორში მომხდარი ძალადობის საქმეზე 28 მაისს ექვსი პოლიციელი - ვლადიმერ გოდერძიშვილი, ვანიკო მისირელი, გიორგი (ზაკო) წკრიალაშვილი, ალექსი ბადალოვი, ბესო მალაციძე, საბა წაველიძე დააკავეს;
- პოლიციელების მიერ ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილი თავადაც ბრალდებულის სტატუსს ატარებს - კაცს ედავებიან პოლიციელზე ძალადობას - მის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით და შინაპატიმრობა, ჯარიმა ან ორიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება;
- ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამცველი - ლევან იოსელიანი „გმობს პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, განსაკუთრებით კი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს“;
- რაც შეეხება ირაკლი კობახიძის პოზიციას, როგორც "ქართული ოცნების" ლიდერმა თქვა: „აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და, რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება“.