ჯაშუშობის საქმე - გიორგი უძილაურის პროცესი დაუხურა
თბილისის საქალაქო სასამართლო ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურის [ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსნის, წარსულში „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსის] მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.
რადგან საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს სასამართლო პროცესი დაწყებისთანავე დაიხურა.
პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობის დაყენებას აპირებს.
სხდომას ესწრება თავად ბრალდებულიც.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გიორგი უძილაურს საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობის ფაქტზე ბრალდება 6 მაისს წარუდგინა.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით, სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას" - წერს პროკურატურა.
უძილაურის დაკავების შესახებ პროკურატურამ 5 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მალევე პროსახელისუფლებო ტელეკომპანია "რუსთავი 2-მა" გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გიორგი უძილაურს ედავებიან „ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ“ ჯაშუშობას.
გიორგი უძილაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) აქვს წარდგენილი.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მაღალჩინოსანს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.