ჯაშუშობის საქმე - გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურს [ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანი, წარსულში „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი] აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ გამოაცხადა.
უძილაურის მიმართ პატიმრობას სხდომაზე პროკურატურა ითხოვდა. საქმეს გრიფი დაედო, შესაბამისად, პროცესი დღეს დახურული იყო.
ცნობისთვის, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გიორგი უძილაურს საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობის ფაქტზე ბრალდება 6 მაისს წარუდგინა.
- "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით, სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას" - წერს პროკურატურა.
უძილაურის დაკავების შესახებ პროკურატურამ 5 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მალევე პროსახელისუფლებო ტელეკომპანია "რუსთავი 2-მა" გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გიორგი უძილაურს ედავებიან „ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ“ ჯაშუშობას.
გიორგი უძილაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) აქვს წარდგენილი.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მაღალჩინოსანს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.