უძილაურის ადვოკატი: საქმეში არც საქართველოს ინტერესების საზიანო და არც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან რაიმე კავშირის დამადასტურებელი ინფორმაცია არაა
ვფიქრობ საქმეში არც საქართველოს ინტერესების საზიანო და არც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან რაიმე კავშირის დამადასტურებელი ინფორმაციაა არ დევს, - ამის შესახებ ჯაშუშობის მუხლით დაკავებული გიორგი უძილაურის ადვოკატმა ბექა გულედანმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
გულედანი ამბობს, რომ საქმე მრავალტომიანია და მას გრიფი “სრულიად საიდუმლო” დაედო.
ჩვენი პოზიცია ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება იყო, რაც სასამართლომ არ გაიზიარა.
ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. მას საერთოდ არ უსაუბრია.
თვითონ მუხლის სპეციფიკიდან გამომდინარე, მასალები არის ისეთი, რაც გულისხმობს იმას, რომ საქმეს "სრულად საიდუმლო გრიფი" ჰქონდეს - განაცხადა ბექა გულედანი.
თბილისის საქალაქო სასამართლს მოსამართლე დავით კურტანიძემ "საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობის ფაქტზე" დაკავებულ გიორგი უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, რითაც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
სასამართლოს დაწყებამდე "პირველების" კითხვის საპასუხოდ უძილაურის ადვოკატმა, ბექა გულედანმა თქვა, რომ საქმეში მათ შორის არის აუდიო და ვიდეო მასალაც.
ადვოკატი თვლის, რომ ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა გაეთავისუფლებინათ, რადგან, საქმეში, "ადეკვატური მტკიცებულებები არ დევს”.
სასამართლო სხდომას თავად გიორგი უძილაურიც დაესწრო. მოქმედი მაღალჩინოსანი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
ცნობისთვის, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გიორგი უძილაურს საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობის ფაქტზე ბრალდება 6 მაისს წარუდგინა.
- "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით, სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას" - წერს პროკურატურა.
უძილაურის დაკავების შესახებ პროკურატურამ 5 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მალევე პროსახელისუფლებო ტელეკომპანია "რუსთავი 2-მა" გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გიორგი უძილაურს ედავებიან „ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ“ ჯაშუშობას.
გიორგი უძილაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) აქვს წარდგენილი.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მაღალჩინოსანს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.