პროკურორი: მოპოვებულია პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებენ [გიორგი უძილაურის] ჯაშუშობის ფაქტს

07.05.26 15:33
პროკურორი: მოპოვებულია პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებენ [გიორგი უძილაურის] ჯაშუშობის ფაქტს

 

 

ვადასტურებთ, რომ საქმეში მოპოვებულია პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებენ ჯაშუშობის ფაქტს, - ამის შესახებ  გიორგი უძილაურის საქმის პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდგომ განუცხადა.

მისი თქმით, საქმეზე მეტი კონკრეტიკა, გარემოებების დასახელება, გამოძიების ინტერესებს დააზიანებს.

ბრალდებული უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებით საქართველოში აგროვებდა სხვადასხვა სახის ინფორმაციას, მათ შორის ინფორმაციას სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობის შესახებ, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარემოებებთან დაკავშირებით, ასევე ეთნიკური უმცირესობების შესახებ.

რაც შეეხება კონკრეტიკას, უცხო ქვეყნის დასახელებას, ასევე კონკრეტულ მტკიცებულებებს - საქმეზე გამოძიება არის მიმდინარე პროცესში, არის ჯაშუშობის ფაქტი, შესაბამისად, დამატებით ინფორმაციის გაჟღერება დააზიანებს როგორც გამოძიების, ასევე სახელმწიფოს ინტერესებს. საქმეზე მოპოვებულია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ადასტურებენ აღნიშნულ ფაქტს, ხოლო, თუ რა სახის მტკიცებულებებია, მტკიცებულებების კონკრეტიკის, გამოძიების მეთოდიკის გაჟღერებაც, რა თქმა უნდა, დააზიანებს გამოძიების ინტერესებს". განაცხადა გოზალიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლს მოსამართლე დავით კურტანიძემ "საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობის ფაქტზე" დაკავებულ გიორგი უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, რითაც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. 

სასამართლოს დაწყებამდე "პირველების" კითხვის საპასუხოდ უძილაურის ადვოკატმა, ბექა გულედანმა თქვა, რომ საქმეში მათ შორის არის აუდიო და ვიდეო მასალაც.

ადვოკატი თვლის, რომ ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა გაეთავისუფლებინათ, რადგან, საქმეში, "ადეკვატური მტკიცებულებები არ დევს”.

სასამართლო სხდომას თავად გიორგი უძილაურიც დაესწრო. მოქმედი მაღალჩინოსანი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

ცნობისთვის, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გიორგი უძილაურს საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობის ფაქტზე ბრალდება 6 მაისს წარუდგინა.

  • "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით, სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას" - წერს პროკურატურა.

უძილაურის დაკავების შესახებ პროკურატურამ 5 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  მალევე პროსახელისუფლებო ტელეკომპანია "რუსთავი 2-მა" გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გიორგი უძილაურს ედავებიან „ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ“ ჯაშუშობას. 

გიორგი უძილაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) აქვს წარდგენილი. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მაღალჩინოსანს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

მსგავსი სიახლეები