დამიდგეს ცირკი... ნია იმნაძემ ჩვენება არ მისცა - მოკლული მასწავლებლის დედა

07.05.26 17:22
დამიდგეს ცირკი... ნია იმნაძემ ჩვენება არ მისცა - მოკლული მასწავლებლის დედა

 

 

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის ოქროს მოწმემ, ნია იმნაძემ სასამართლოს ჩვენება არ მისცა - ამის შესახებ პროცესის დასრულების შემდეგ მოკლული მასწავლებლის დედამ, ეკა კუპატაძემ განაცხადა. 

"პირველების" ინფორმაციით, ნია იმნაძე, რომელიც სასამართლოში დღეს იძულების წესით მიიყვანეს, ცუდად გახდა, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო.

როგორც ეკა კუპატაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ნია იმნაძემ არათუ ვერ მისცა სასამართლოს ჩვენება, არამედ არ მისცა. 

დიახ მას შემდეგ რაც მოხდა მოწმის იდდენტიფიცირება და დადო ფიცი, უდავოდ გამიხადეს მისი ჩვენება. 

ცირკი დამიდგეს იქ მამრებმა. ჩვენ ვერ მოგვერევიან მკვლელები. მან (ნია იმნაძე) დღეს ვერ მისცა არა, არ მისცა ჩვენება.

ძალიან მარტივი მისახვედრი იყო, ის რომ ნია იმნაძის ადვოკატის სვლა ასეთი იყო - როდესაც პროკურორი გადავიდოდა შეკითხვებზე, ნია იმნაძე ცუდად გახდებოდა. ეს მარტივი გასაშიფრი იქნებოდა.

მას შემდეგ, რაც მოწმემ ფიცი დადო, პირველ ორ კითხვას პასუხი გასცა, პროკურორს პირველი კითხვა უნდა დაესვა, რასაც ნია იმნაძისგან მოჰყვა: „ვაიმე ცუდად ვარ“. მისმა ადვოკატმა ექიმი მოითხოვა და ექიმიც შემოვიდა.

ფაქტია, წინასწარ იყო ეს ყველაფერი დადგმული. ახლავე წაიყვანონ, ექსპერტიზა ჩაუტარონ ნია იმნაძეს! შეიძლება, დილით, წნევის ასაწევი, ან დამწევი დაელია, რათა ხელოვნურად გამხდარიყო ცუდად. სამარეში ჩავყვები! ნია იმნაძე დღეს გაიყვანეს აქედან, მაგრამ ეკა კუპატაძეს ხელიდან ვერ დაუსხლტება! საქმის გარშემო ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო. პირველი იყო იდენტიფიცირება, ამის შემდეგ გახდა ცუდად.

ნასყიდაშვილის ორივე ადვოკატი განსაკუთრებით აქტიურობდა, პროკურორს უთხრეს: „ეს რა გააკეთეთ, იცოდით რა მდგომარეობაში იყო, აქამდე როგორ მოიყვანეთ?", - თქვა ეკა კუპატაძემ.  

7 მაისს, გიგა ავალიანის ძირითადი საქმიდან, ცალკე გამოყოფილი, დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით მიმდინარე საქმის მორიგი სასამართლო სხდომა იყო დანიშნული. ამ საქმეს ორი ბრალდებული ჰყავს. ორივე არასრულწლოვანი - დ.მ და ა.ნ. ისინი სასამართლოში იძულებით გამოკითხვაზე მიყვანილი მოწმის, ნ.ი.-ის მეგობრები არიან. 

როგორც საქმის პროკურორი ქეთი სონიძე ამბობს, როდესაც მან გამოკითხვის პროცედურა დაიწყო, ნ.ი.-მ კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, თხრობითი ფორმით მოითხოვა საქმის გარშემო საუბარი, რაზეც უარი მიიღო. სწორედ ამის შემდეგ განაცხადა არასრულწლოვანმა მოწმემ, რომ ის შეუძლოდ იყო.

სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. მოწმის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად დარბაზში გამოიძახეს სასამართლოს ექიმიც.

სხდომის დაწყებიდან ერთი საათის შემდეგ კი ცალკე საქმედ გამოყოფილი, დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის ბრალდებული ორი არასრულწლოვნის ადვოკატებმა, ნ.ი.-ს მიერ, გამოძიებისათვის მანამდე მიცემული სამივე ჩვენება უდავოდ ცნეს და შესაბამისად, ნ.ი.-ს კიდევ ერთხელ, სასამართლოში გამოკითხვის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ კონკრეტულ - დანაშაულის შეუტყობინებლობის საქმეზე, ნ.ი. აღარც მისი სურვილითა და აღარც იძულებით აღარ გამოიკითხება.

„ნ.ი. დანაშაულის მოტივთან და უშუალოდ ჩადენილ დანაშაულთან მჭიდრო კავშირშია. მიუხედავად იმისა, რომ მოწმე იძულების წესით მოიყვანა პოლიციამ, სხდომათა დარბაზში დადო ფიცი, გაფრთხილებული იქნა მოსალოდნელი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე, მიუხედავად ამ პროცედურების გავლისა, ბრალდებულების ადვოკატებმა, უდავოდ მიიჩნია ნ.ი.-ის გამოკითხვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ეთანხმებიან გამოძიებაში უკვე არსებულ ჩვენებებს, ისინი მტკიცებულებად რჩება საქმეში. ბრალდებულების ადვოკატებმა, ფაქტობრივად, დისკომფორტი აარიდეს მოწმეს, რომელსაც მოუწევდა საკმაოდ კრიტიკულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა“, - ამბობს პროკურორი.

პროკურორი ამბობს, რომ ნ.ი.-ის ჩვენებები, რომლებიც ბრალდებულების ადვოკატებმა უდავოდ ცნეს, ერთმანეთისგან განსხვავებული და ურთიერთგამომრიცხავია:

„მოწმე გამოძიებაში სამჯერ არის დაკითხული. პირველი ჩვენების დროს მან არაფერი იცოდა, არაფერი ახსოვდა და საერთოდ არ საუბრობდა გიგა ავალიანთან დაკავშირებით და მისი მხრიდან, ვითომ და შევიწროებასთან დაკავშირებით.

მეორე ჩვენებაში, როდესაც დააკავეს მისი შეყვარებული (2025 წლის 19 ოქტომბერს), ნ.ი.-მ ვრცელი და ყოვლისმომცველი ჩვენება მისცა გამოძიებას, ვითომდა ის შევიწროებული იყო მათემატიკის მასწავლებლის მხრიდან, რაც ბუნებრივია, რეალობას არ შეესაბამებოდა, რადგან საქმეში მათი მიმოწერებიც არის გამოთხოვილი, საქმეზე დაკითხულია მისი ყველა ჯგუფელი, რომელიც გამორიცხავს მსგავსი ხასიათის ფაქტს და მოპოვებულია ყველა მტკიცებულება, რომელიც გამორიცხავს რაიმე მსგავს ამორალურ ქმედებას მასწავლებელთან დაკავშირებით.

მესამე ჩვენების დროს, მას მოუწია მხოლოდ კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემა, რაც წინააღმდეგობაში მოდის არა მხოლოდ საკუთარ თავთან, მის მიერ მიცემულ სამივე ჩვენებასთან, არამედ საქმის ობიექტურ მტკიცებულებებთან, მათ შორის, გამოთხოვილ მიმოწერასთან, ანძებთან და ა.შ“.

 

მისივე თქმით, ბრალდებულების ადვოკატებმა აღნიშნული გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, სწორედ იმის გამო მიიღეს, რომ „ბრალდებულები და მოწმე ერთი სამეგობრო წრის წარმომადგენლები არიან“:

„ისინი დაინტერესებულები არიან ერთმანეთისთვის პასუხისმგებლობისა და დისკომფორტის არიდებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ადვოკატების ამ გადაწყვეტილების რეალური საფუძველი, მათ ეს გაასაღეს, როგორც თავიანთი კეთილშობილური საქციელი და ამის მიზეზად დაასახელეს მოწმის მძიმე ფსიქოლოგიური და ემოციური მდგომარეობა, ტირილი და ა.შ. მთელი ემოციები, რასაც ადგილი ჰქონდა ნ.ი.-ის მხრიდან. მათი ეს საქციელი, რეალურად, მიზნად ისახავდა იმას, რომ როგორმე ნ.ი. გაერიდებინათ მართლმსაჯულებისათვის, რაც ამ ეტაპზე მოახერხეს კიდეც, რადგან ამ სისხლის სამართლის საქმეზე ნ.ი. მოწმის სტატუსით აღარ დაიკითხება“.

არასრულწლოვანი გოგოს სისხლის სამართლის წესით დასჯას უკვე თვეებია მოითხოვს მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა. ის დარწმუნებულია, რომ სწორედ მან „დაუკვეთა“ შეყვარებულს მის შვილზე თავდასხმა.

ეკა კუპატაძე ფიქრობს, რომ სწორედ ნ.ი. დაეხმარა შეყვარებულს (გიგა ავალიანის საქმეზე მსჯავრდებული ა.გ.) გიგა ავალიანის ფეისბუკზე პოვნასა და ამოცნობაში.

 

მსგავსი სიახლეები