აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის 2 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებულები თურქეთისა და ყაზახეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ.
სამართალდამცველებმა ძებნილი პირები ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სხვადასხვა დროს ოზურგეთსა და ბათუმში დააკავეს.
ამჟამად, დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს, - აღნიშნულია ინფორმაციაში.