საქართველო რუსი ტურისტებისთვის „იაფ ფუფუნებად“ იქცა - ექსპერტები საფრთხეებზე საუბრობენ
ფუფუნება იაფად რუსი ტურისტებისთვის — ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ქართული ტურისტული ბაზარი სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია წერს, რომ ტურისტულ კომპანიებში საქართველოს მიმართულებით მოთხოვნა გასამმაგებულია. ეს იმ ფონზე, როცა ამერიკელი და ევროპელი ტურისტების რაოდენობა მცირდება.
ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე „პირველებთან“ ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ ტენდენციის შესაცვლელად არაფერი გაუკეთებია.
რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოში ძვირადღირებულ სასტუმროებში 200 დოლარის გადახდა რუსი ტურისტებისთვის პრობლემას აღარ წარმოადგენს — ისინი ფუფუნებას მისაღებ ფასად იღებენ. გაიაფდა და გახშირდა ფრენებიც. 2025 წელს ქვეყანაში რეკორდული რაოდენობის — 1.6 მილიონი რუსი ტურისტი შემოვიდა.
თუ ტურიზმთან დაკავშირებულ სექტორებსაც გავითვალისწინებთ, ეს ეკონომიკის თითქმის მეხუთედს შეადგენს. შესაბამისად, სპეციალისტები ამბობენ, რომ სექტორის რუსეთზე მიბმა ოკუპანტი ქვეყნისთვის დამატებითი ეკონომიკური და პოლიტიკური ბერკეტის შექმნას ნიშნავს.
რატომ არის რუსეთზე ასეთი დამოკიდებულება საფრთხე? — ექსპერტები ამბობენ, რომ გამოცდილების გარეშეც კი პასუხი ნათელია. რამდენიმე კვირის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა საქართველოს ეკონომიკური ბლოკადით დაემუქრა და განაცხადა, რომ თუ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებას გადაწყვეტს, რუს ტურისტებს უნდა დაემშვიდობოს.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.