“ოცნების" ყოფილი დეპუტატი ამტკიცებს, რომ მის შვილს პროვოკაცია მამუკა მდინარაძის დავალებით მოუწყვეს

22.09.26 22:21
“ოცნების" ყოფილი დეპუტატი ამტკიცებს, რომ მის შვილს პროვოკაცია მამუკა მდინარაძის დავალებით მოუწყვეს

კოალიცია "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი, ავთო დავითაძე ამტკიცებს, რომ მისი შვილი, გიორგი დავითაძე პროვოკაციის მსხვერპლია, რომელიც მამუკა მდინარაძის დავალებით მოუწყვეს.

  • დავითაძეები ამტკიცებენ, რომ ახალგაზრდა კაცი სასჯელს გადაცმული პოლიციელის მოწყობილი პროვოკაციისთვის იხდის. 
  • თუ მსჯავრდებულის ოჯახს დავეყრდნობით, მეექვსე ციხის ხელმძღვანელმა, შოთა ტრაპაიძემ მეგობარი პოლიციელის თხოვნა შეასრულა და ბადრაგებს პატიმარი აცემინა.

როგორც მან გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, მის შვილთან ერთად დაკავებული ბიჭების ადვოკატი სწორედ მდინარაძის კლანის წევრია და ამ საქმის შემდეგ ის დააწინაურეს.

დავითაძე ამბობს, რომ მის ოჯახს კრიტიკული განცხადებები არ აპატიეს და განსხვავებული აზრის გამო, “ოჯახზე შური იძიეს“

2024 წლის არჩევნების შემდგომ მოხდა ყველაფერი, სახლიდან გაიყვანეს შეგნებულად, დაგეგმილი იყო ეს სცენარი წინასწარ და იქ მოუწყეს პროვოკაცია. ვისი სცენარით? არ ვმალავ, ეს არის ბერიად რომ მოგვევლინა, დღესდღეობით აღარ არის თანამდებობაზე, მდინარაძის წამოწყებული ამბებია, ისე კარგად შეასრულა, ჩემ შვილთან ერთად დაკავებული ბიჭები ვინც იყვნენ, იმათმა ადვოკატმა, რომელიც მდინარაძის კლანს წარმოადგენდა, ზურაბ ბელთაძე, სწორედ ამ საქმის შემდეგ ის დაჯილდოვდა და პროკურორის მოადგილედ დაინიშნა,- ამბობს დავითაძე. 

ჟურნალისტის კითხვაზე, რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი, დავითაძე ამბობს, რომ “სუფთა პოლიტიკური შურისძიება იყო:“

ჩემი ოჯახი უკვე 10 წელია ამათ არ ვემხრობი, ჩემ ოჯახს ჰქონდა ჩვენი კრიტიკული მიდგომა, იგივე აქციებზე მონაწილეობა, პოზიციების გამოხატვა პოსტებით სოციალურ ქსელში,  არ მოგვწონდა ახალგაზრდების ცემა. მაგრამ მე ვერ წარმოვიდგენდი ვერასდროს, თუ განსხვავებული აზრის გამო, ჩემს ოჯახზე ასეთი შურისძიება იქნებოდა დაშვებული, - ამბობს ის.

  • ყოფილი დეპუტატის, "ქართული ოცნების" კოალიციის ყოფილი წევრის, ავთანდილ დავითაძის ოჯახი ამტკიცებს, რომ ყველაზე მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში მათი შვილი სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა.
  • დავითაძეები ჰყვებიან, რომ მეექვსე პენიტენციური დაწესებულების ცხრა ბადრაგს 36 წლის გიორგი დავითაძე დეესკალაციის ოთახში ჰყავდა ჩაყვანილი და ძალადობდა. ფაქტი დეკემბერში მოხდა, გამოძიება დაწყებულია, თუმცა იმის გამო რომ არავინ დასჯილა, ოჯახი ამბობს, რომ ამ ამბის გახმაურება გადაწყვიტეს.
  • დავითაძეების მონაყოლის მიხედვით, გამოძიების მიერ ამოღებულია ფაქტის ამსახველი კადრები, გამოიკითხვენ ბადრაგები, თუმცა ციხის თანამშრომლები არავის დაუკავებია. 
  • არსებული ინფორმაციით, პენიტენციურ სისტემაში მომხდარ ფაქტზე ინფორმირებულია სახალხო დამცველიც. თავად პოატიმარი კი ადვოკატს ეუბნება, რომ ციხეში ის ფიზიკური ზალადობის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა. 
  • დავითაძეები ასახელებენ პოლიციის მოქმედ თანამშრომელს და ამტკიცებენ, რომ სწორედ მისი დავალებით ხდება გიორგი დავითაძეზე ჯგუფური ანგარიშსწორება. 
  • საუბარია, შალვა ფერაძეზე, რომელსაც ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულის სტატუსი აქვს.  36 წლის კაცი შს თანამშრომლის დაჭრის ბრალდებით იხდის სასჯელს.