საპატრიარქო არჩევნების მოლოდინში — თეოლოგები და ანალიტიკოსები შესაძლო სცენარებზე საუბრობენ

10.05.26 15:32
საპატრიარქო არჩევნების მოლოდინში — თეოლოგები და ანალიტიკოსები შესაძლო სცენარებზე საუბრობენ

ხვალ დაგეგმილი საპატრიარქო არჩევნების წინ თეოლოგები და ანალიტიკოსები ეკლესიაში მიმდინარე პროცესებსა და შესაძლო სცენარებზე საუბრობენ. ექსპერტების შეფასებით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ რამდენი კანდიდატი დარჩება საბოლოოდ არჩევნებში და შეძლებს თუ არა რომელიმე მათგანი მოსაყდრისთვის კონკურენციის გაწევას.

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი არჩილ გამზარდია ამბობს, რომ თუ მოსაყდრის ორი მთავარი კონკურენტი ორივე ბოლომდე დარჩება არჩევნებში, დიდი ალბათობით, მეუფე შიო პირველივე ტურში გაიმარჯვებს. თუმცა, მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი კანდიდატი მეორის სასარგებლოდ მოიხსნება, შესაძლოა ძალთა ბალანსი შეიცვალოს და საპატრიარქო არჩევნებში რეალური კონკურენცია გაჩნდეს.

გამზარდიას შეფასებით, პროცესში მნიშვნელოვან როლს "ოცნების" ხელისუფლების გავლენაც თამაშობს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდი აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ მისთვის სასურველმა კანდიდატმა გამარჯვება პირველივე ტურში მოიპოვოს.

ერთადერთი დაშვება მაქვს: თუ მოსაყდრის ორი კონკურენტიდან ორივე გავა არჩევნებზე, ძალიან დიდი ალბათობით, პირველივე ტურში ალბათ გაიმარჯვებს მოსაყდრე. და, თუ ერთ-ერთი კანდიდატი მოხსნის მეორეს სასარგებლოდ, რომელსაც უფრო მეტი პერსპექტივა აქვს, მაშინ, შესაძლოა, იქ უკვე შედარებით  მეტი რესურსი გაჩნდეს მოსაყდრესთან მიმართებაში. ამიტომ ამ პირობას ვუყურებ ხვალ მე პიარადად და იმის მიხედვით მივხვდები ალბათ უკვე რა პერსპექტივა შეიძლება, ჰქონდეს. თუმცა, მეორე მხრივ, საკმაოდ ბევრს მუშაობს ხელისუფლება იმისთვის, რომ თავისი მხარდაჭერილი კანდიდატი პირველივე ტურში გავიდეს, - ამბობს პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი არჩილ გამზარდია.

თეოლოგი გოჩა მირცხულავა კი ფიქრობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებაზე გავლენას არა მხოლოდ ეკლესიის შიდა პროცესები, არამედ ეპისკოპოსების პირადი ინტერესებიც მოახდენს. მისი შეფასებით, სწორედ ეს ფაქტორი ქმნის იმ გარემოს, სადაც მოსაყდრე მეუფე შიოს გარკვეული უპირატესობა შეიძლება ჰქონდეს. 

გამომდინარე იქიდან, რომ ეპისკოპოსები ძალიან მოტრჩილები არიან, ცალკეული მათგანიც სიხარბეშიც არის შემჩნეული, ცალკეულს გარკვეული კომფორტის ზონა სჭირდება სამომავლოდ და ა.შ. მე ვფიქრობ, რომ აქ დაახლოებით 50/50 შემდგომ თუ დავითვლით ამ ვითარებას, მაინც გარკვეული უპირატესობა "ძალადობრივი", ამ შემთხვევაში, პირდაპირ ძალად არ ვგულისხმობ, არამედ შინაგანდ ძალადობრივი, რომელიც უკავშირდება ეპისკოპოსების პირად ინტერესებს, შესაძლოა, მეუფე შიოსკენ გადაიხაროს, - ამბობს გოჩა მირცხულავა. 

შეგახსენებთ, რომ პირველად ნახევარი საუკუნის შემდეგ ეკლესია ახალი პატრიარქის არჩევისთვის ემზადება. ისტორიული კრების დაწყებამდე 26 საათია დარჩენილი. ვინ გახდება ახალი კათოლიკოს პატრიარქი, ამას სინოდი ხვალ ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტს. ეკლესიის ახალ მმართველს 20 ხმა სჭირდება.  

მსგავსი სიახლეები