საპატრიარქოში ახალი პატრიარქის არჩევის წესსა და პროცედურებზე ისაუბრეს
11 მაისს სამების საკათედრო ტაძარში გაფართოებული საეკლესიო კრება გაიმართება, სადაც კენჭისყრის გზით სამი კანდიდატიდან ერთს აირჩევენ. ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, კრება მართვა-გამგეობის დებულების შესაბამისად ჩატარდება და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ხვალვე ეყოლება ახალი კათოლიკოს-პატრიარქი. ჯაღმაიძის განმარტებით, პატრიარქის გამოსავლენად კანდიდატს პირველივე ტურში ხმათა 50%-ზე მეტი, ანუ მინიმუმ 20 ხმა სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში გაიმართება მეორე ტური.
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ სამების ტაძარში დასწრება მხოლოდ სპეციალური სიებით იქნება შესაძლებელი. დელეგატებსა და სტუმრებს თან პირადობის მოწმობა უნდა ჰქონდეთ. შესვლა დილის 10 საათიდან დაიწყება, ხოლო 12 საათისთვის კენჭისყრის პროცესი უნდა დაიწყოს.
ბრიფინგზე ასევე ითქვა, რომ ღონისძიების ნაწილი პირდაპირ ეთერში გადაიცემა, თუმცა ხმების დათვლის პროცესი დახურული იქნება. საპატრიარქოს ინფორმაციით, საბოლოო შედეგი ხვალვე გამოცხადდება.
11 მაისს მართვა-გამგეობის დებულების შესაბამისად, ჩანიშნული არის გაფართოებული კრება, ნომრით #14. იქნება კენჭისყრა ამ კრებაზე 3 საპატრიარქო კანდიდატიდან ერთ-ერთის შესარჩევად. ხვალ საქართველოს ეკლესიას ეყოლება ახალი კათოლიკოს-პატრიარქი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. საორგანიზაციო საკითხთან დაკავშირებით დეტალები ნაწილობრივ ცნობილია საზოგადოებისთვის, თუმცა დავაზუსტებთ, რომ სამების ტაძარში კრებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური სიებით, რომელიც არის შედგენილი ბოლო პერიოდის განმავლობაში და ესეც არის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით დარეგულირებული, ასევე, ეპარქიებიდან და მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან შედგენილი სია იმის მიხედვით, თუ როგორ არის გაწერილი მართვა-გამგეობის დებულებაში. მომსვლელებს თან უნდა ჰქონდეთ პირადობის მოწმობა. ამით მოხდება სიაში იდენტიფიცირება. შესვლა შესაძლებელი იქნება 10:00 საათიდან. 12:00 საათამდე უნდა მოხდეს სტუმრების და დელეგატების მიღება. ამ პერიოდისთვის უკვე მღვდელმთავრებიც მობრძანდებიან საკათედრო ტაძარში და დაიწყება კენჭისყრისთვის მზადება.
მკაცრად იზღუდება მობილური ტელეფონებით სარგებლობა. ნაწილობრივ გაშუქდება ღონისძიება ტელევიზიით, „პირველი არხის“ საშუალებით. ამ სხდომის ნაწილი უნდა იყოს დახურული. საჭირო ინფორმაციას და კადრებს დასრულების შემდეგ თუ ჩავთვლით საჭიროდ და ამის აუცილებლობა იქნება, ჩვენ თვითონ გავავრცელებთ. ამ კრების გახსნა იქნება პირდაპირ ეთერში. შემდეგ კენჭისყრის პროცესი იქნება პირდაპირ ეთერში, ხოლო უკვე დათვლა აღარ გადაიცემა და საბოლოოო შედეგის გამოცხადებაც გადაიცემა პირდაპირ ეთერში.
მანქანებით მისვლა იზღუდება და ფეხით მისვლა შესაძლებელი იქნება ახვლედიანის ქუჩიდან, ასევე მეტრო „ავლაბრიდან“ იმ აღმართზე, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში მიდის. ეზოში დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. შეზღუდვა ეხება შიგნით ტაძარს.
ხვალ ბიულეტენებზე იქნება 3 კანდიდატი შემოსახაზი. ამომრჩეველი შემოხაზავს, შემდეგ ეს ბიულეტენი იდება კონვერტში, მოთავსდება საარჩევნო ყუთში,რომელიც ცენტრალურ ადგილზე იქნება დადებული.
28 აპრილის სინოდის სხდომაზე განისაზღვრა სიტყვით გამომსვლელთა შესახებ რეგლამენტიც. სიტყვით გამოვლენ საპატრიარქო ტახტის კანდიდატები. ასევე, მათი ეპარქიიდან თითო ადამიანი. მოხსენება იქნება ასევე ისტორიული მიმოხილვის კონტექსტში. ერთ-ერთი მეცნიერი გააკეთებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტიტულთან დაკავშირებით ისტორიულ მიმოხილვას.
შედეგი ხვალვე გამოცხადდება. შედეგს გამოაცხადებს მეუფე ანანაია, ის არის ხმის დამთვლელი, კომისიის თავმჯდომარე.
მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, იმისთვის,რომ პირველივე ტურში დასრულდეს კენჭისყრა და გამოვლინდეს პატრიარქი, საჭიროა 50%-ს +1 ხმა. ჩვენს შემთხვევაში, ეს არის 20 ხმა. თუ რომელიმე კანდიდატს 20 ხმა ექნება, მეორე ტური აღარ გაიმართება. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს 20 ხმას, მაშინ მეორე ტურში იქნება ორი უპირატესი ხმის მქონე კანდიდატს შორის კენჭისყრა.
ინტრონიზაციას ხვალ გამოვაცხადებთ. ინტრონიზაციის თარიღის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს უკვე გამორჩეულმა პატრიარქმა. საბოლოოდ, 1200 დელეგატი არის. საპატრიარქო კანდიდატებს ექნებათ 5 წუთიანი რეგლამენტი, ხოლო დელეგატებს 3 წუთიანი. თავის სიტყვაში ყველას საშუალება აქვს ისაუბროს მისთვის სასურველი საკითხების შესახებ“,-განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.