მსვლელობა წითელი ბუშტებით - თბილისში დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდასაჭერი მარში გაიმართა
თბილისში დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდასაჭერი მარში გაიმართა. აქციის მონაწილეები — პაციენტები, მათი მშობლები და მხარდამჭერები — რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან მთავრობის ადმინისტრაციამდე სიმბოლური მსვლელობით მივიდნენ.
მონაწილეებს ხელში წითელი ბუშტები ეჭირათ, რომლებიც, მათი თქმით, განგაშის სიმბოლოა და იმაზე მიუთითებს, რომ დაავადების მქონე ბავშვებისთვის დრო კრიტიკულად იწურება.
აქციის მთავარი მოთხოვნა უცვლელია — სახელმწიფო დიუშენის სინდრომის სამკურნალოდ საჭირო ძვირადღირებული მედიკამენტის დაფინანსებას რაც შეიძლება სწრაფად უნდა დათანხმდეს. მშობლები აცხადებენ, რომ თითოეული დაკარგული დღე ბავშვების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე აისახება.
ხელში გვაკვდება შვილები. შვილი, რომელსაც დედა ვერ ეხმარები და ითხოვს წამალს. ეს ისეთი დაავადებაა, რომ კლავს. ვინ არის სარჯველაძე, რომ უწყვეტს ჩვენ შვილებს სიცოცხლეს. ერთი დღე არ გავჩერდებით, უკანასკნელამდე მივალთ და მივაღწევთ მიზანს. მოვიდნენ გონს! დილით ვდგები და შვილი ვერ მეხუტება, მეუბნება, რომ "ხელები ამაწევინე, რომ ჩაგეხუტოო". ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს?, - ამბობს დაავადებული ბავშვის მშობელი.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია მძიმე გენეტიკური დაავადებაა, რომელიც დროთა განმავლობაში კუნთების პროგრესულ დასუსტებას იწვევს. ოჯახები წლებია ხელისუფლებას მკურნალობის პროგრამის დაფინანსებას სთხოვენ.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის ჩართვაში.