„ზებრა“ ფიროსმანის გვერდით — გიორგი გაგოშიძის სიმბოლური აქცია ეროვნულ გალერეაში
ხელოვნება, როგორც პროტესტის ფორმა — ეროვნულ გალერეაში ქუჩის მხატვარმა გიორგი გაგოშიძემ, იგივე გაგოშამ, სიმბოლური აქცია მოაწყო. მხატვარმა ნიკო ფიროსმანის ცნობილი ტილოს, „ჟირაფის“, გვერდით საკუთარი ნამუშევარი — „ზებრა“ განათავსა.
გაგოშიძის განცხადებით, ეს ჟესტი ქვეყანაში არსებული სოციალური და პოლიტიკური ვითარების, ასევე კულტურის სფეროში არსებული დუმილის წინააღმდეგ პროტესტია. მხატვარი სოციალურ ქსელში წერს, რომ ფიროსმანის გენიალური ნამუშევრის გვერდით „ზებრის“ გამოჩენა იმ დეგრადაციის ვიზუალური გამოხატულებაა, რომელსაც, მისი შეფასებით, დღეს ქართული კულტურა განიცდის.
გიორგი გაგოშიძე არ მალავს, რომ „ზებრა“ პირდაპირი ალუზიაა ბიძინა ივანიშვილის ეგზოტიკურ გატაცებებზე. მისი თქმით, თანამედროვე ქართული კულტურა რეალური პრობლემების ნაცვლად ხშირად სწორედ მსგავსი სიმბოლოებითა და გავლენებით არის ჩანაცვლებული.
აქციამ სოციალურ ქსელებში ფართო გამოხმაურება გამოიწვია. ნაწილი ამ ნაბიჯს თანამედროვე არტ-პროტესტის ფორმად აფასებს, ნაწილი კი — მუზეუმის სივრცეში პროვოკაციულ ჩარევად.