როგორც უფალი განაგებს, ისე იქნება, მაგრამ თვითონ ხმების ასეთი უპირატესობა, რაღაცაზე მეტყველებს - მეუფე იოანე
როგორც უფალი განაგებს, ისე იქნება, მაგრამ თვითონ ხმების ასეთი უპირატესობა, რაღაცაზე მეტყველებს - ამის შესახებ ქუთათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ ჟურნალისტებს სამების ტაძარში შესვლის წინ განუცხადა.
მაღალი იერარქი ფიქრობს, რომ მოსაყდრე შიომ დიდი გამოცდილება მიიღო პატრიარქთან ურთიერთობისას და ეს ვლინდება მის ქცევასა და ეტიკეტშიც.
ჩვენი გამოწვევა არის, რომ ერთობა იყო ერში. ღვთის განგებას მე ახლა ვერ გადავწყვეტ. როგორც უფალი განაგებს ისე იქნება, მაგრამ თვითონ ხმების ასეთი უპირატესობა, რაღაცაზე მეტყველებს. ფაქტორი არის, რომ უწმინდესმა თავის მოსაყდრედ დაადგინა, ეტიკეტი არის, ქცევა - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას", - ამბობს ქუთათელი მეუფე იოანე.
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დღეს ახალი საჭეთმპყრობელი ეყოლება. 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს სამების საკათედრო ტაძარში, მე-14 გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე სწორედ დღეს აირჩევენ.
კენჭისყრა სამ კანდიდატს შორის გაიმართება, რომელიც სინოდმა გამოირჩია
▪️ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო, რომელიც სამ კანდიდატს შორის მოხვდა 20 ხმით;
▪️ მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი, რომელიც კანდიდატებს შორისაა 7 ხმით;
▪️ ფაზისელი მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი, რომელიც სამ კანდიდატს შორის ასევე 7 ხმით მოხვდა.
პირველივე კენჭისყრაზე გამარჯვებისთვის საჭიროა სამი კანდიდატიდან რომელიმემ მოაგროვოს ხმათა (39) ნახევარზე მეტი - 20 ხმა.
თუ პირველი კენჭისყრის შემდეგ აღმოჩნდება, რომ 20 ხმა ვერცერთმა კანდიდატმა მიიღო, იმართება ახალი კენჭისყრა იმ ორ კანდიდატს შორის, რომელმაც პირველ კენჭისყრაზე ყველაზე მეტი ხმა მიიღო. მესამე კანდიდატი კენჭისყრას ეთიშება. აქაც, გამარჯვებისთვის კანდიდატმა მინიმუმ 20 ხმა უნდა მიიღოს.
კენჭისყრის პროცესი დღის პირველ საათზე დაიწყება. სხდომის ნაწილი დახურული იქნება, ხოლო საზოგადოება პირდაპირ ეთერში მხოლოდ კენჭისყრის დაწყებასა და საბოლოო შედეგის გამოცხადებას იხილავს.