მოლოდინი არის ის, რომ უფლის ნება გამოჩნდება დღეს და საქართველოს ეყოლება ღირსეული პატრიარქი - ანდრია ჯაღმაიძე
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, მოლოდინია, რომ უფლის ნება გამოჩნდება დღეს და საქართველოს ეყოლება ღირსეული პატრიარქი.
მისივე განცხადებით, გაფართპებულ სხდომას სავარაუდოდ, ყველა მღვდელმთავარი დაესწრება.
რაც შეეხება ინტრონიზაციას, დეკანოზის თქმით, ამის შესახებ არჩევნების შემდეგ გახდება ცნობილი
ანალოგიური კენჭისყრაა, რაც იყო წინა სინოდზე, ოღონდ აქ იქნება სამ კანდიდატს შორის და გამოირჩევენ კათოლიკოს-პატრიარქს.
მოლოდინი არის ის, რომ უფლის ნება გამოჩნდება დღეს და საქართველოს ეყოლება ღირსეული პატრიარქი.
პირველ საათზე ვფიქრობთ, რომ დაიწყება უკვე პროცესი. სავარაუდოდ, ყველა მღვდელმთავარი იქნება.
საჯარო იქნება გახსნა, შემდეგ იქნება კენჭისყრის პროცესი და საბოლოოდ -გამოცხადება.
დღეს, როდესაც არჩევნები დასრულდება, ინტრონიზაციის შესახებ შემდეგ გახდება ცნობილი, თუ როდის იქნება ინტრონიზაცია“, - განაცხადა დეკანოზმა.
- საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დღეს ახალი საჭეთმპყრობელი ეყოლება. 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს სამების საკათედრო ტაძარში, მე-14 გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე სწორედ დღეს აირჩევენ.
კენჭისყრა სამ კანდიდატს შორის გაიმართება, რომელიც სინოდმა გამოირჩია:
▪️ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო, რომელიც სამ კანდიდატს შორის მოხვდა 20 ხმით;
▪️ მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი, რომელიც კანდიდატებს შორისაა 7 ხმით;
▪️ ფაზისელი მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი, რომელიც სამ კანდიდატს შორის ასევე 7 ხმით მოხვდა.
პირველივე კენჭისყრაზე გამარჯვებისთვის საჭიროა სამი კანდიდატიდან რომელიმემ მოაგროვოს ხმათა (39) ნახევარზე მეტი - 20 ხმა.
თუ პირველი კენჭისყრის შემდეგ აღმოჩნდება, რომ 20 ხმა ვერცერთმა კანდიდატმა მიიღო, იმართება ახალი კენჭისყრა იმ ორ კანდიდატს შორის, რომელმაც პირველ კენჭისყრაზე ყველაზე მეტი ხმა მიიღო. მესამე კანდიდატი კენჭისყრას ეთიშება. აქაც, გამარჯვებისთვის კანდიდატმა მინიმუმ 20 ხმა უნდა მიიღოს.
კენჭისყრის პროცესი დღის პირველ საათზე დაიწყება. სხდომის ნაწილი დახურული იქნება, ხოლო საზოგადოება პირდაპირ ეთერში მხოლოდ კენჭისყრის დაწყებასა და საბოლოო შედეგის გამოცხადებას იხილავს.