მაკა ასათიანი, გოგა ხაინდრავა, სტუ-ს რექტორი... - ვინ არიან დელეგატები გაფართოებულ სხდომაზე, სადაც პატრიარქი უნდა აირჩიონ
მაკა ასათიანი, ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი, სტუ-ს რექტორი დავით გურგენიძე, თსუ-ს რექტორი ჯაბა სამუშია, ბიზნესმენი ლევან ვასაძე და და "ოცნების" პროპაგანდისტი გოგა ხაინდრავა სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ.
ისინი სავარაუდოდ იმ 1 200-მდე დელეგატს შორის არიან, რომლებიც გაფართოებულ სხდომას დაესწრებიან, სადაც ახალი კათოლიკოს პატრიარქი უნდა აირჩიონ.
ის, რომ დღეს დელეგატად იქნება კრებაზე წარმოდგენილი, მედიასთან დაადასტურა ლაშა პაპაშვილმა, ასევე სტუ-ს და თსუ-ს ლექტორებმაც. დანარჩენ მათგანს მედიის კითხვებისთვსი არ უპასუხიათ.
უცნობია, ვინ ჩასვა ჩამოთვლილი ადამიანები დელეგატთა სიაში, რომელ ეპარქიებს წარმოადგენენ ისინი ან როგორ მოხდა მათი შერჩევა.
გაფართოებული კრება სამ კანდიდატს კენჭს მას მერე უყრის, რაც კანდიდატების ეპარქიებიდან წარმოდგენილი თითო დელეგატი კრებას მიმართავს.
დებულების მიხედვით კრებაზე აზრის გამოთქმის უფლება ყველა დელეგატს აქვს, თუმცა სინოდურმა კომისიამ ობიექტური მიზეზებით სათათბირო ხმის უფლების ლიმიტირება გადაწყვიტა.
- საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დღეს ახალი საჭეთმპყრობელი ეყოლება. 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს სამების საკათედრო ტაძარში, მე-14 გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე სწორედ დღეს აირჩევენ.
კენჭისყრა სამ კანდიდატს შორის გაიმართება, რომელიც სინოდმა გამოირჩია:
▪️ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო, რომელიც სამ კანდიდატს შორის მოხვდა 20 ხმით;
▪️ მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი, რომელიც კანდიდატებს შორისაა 7 ხმით;
▪️ ფაზისელი მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი, რომელიც სამ კანდიდატს შორის ასევე 7 ხმით მოხვდა.
პირველივე კენჭისყრაზე გამარჯვებისთვის საჭიროა სამი კანდიდატიდან რომელიმემ მოაგროვოს ხმათა (39) ნახევარზე მეტი - 20 ხმა.
თუ პირველი კენჭისყრის შემდეგ აღმოჩნდება, რომ 20 ხმა ვერცერთმა კანდიდატმა მიიღო, იმართება ახალი კენჭისყრა იმ ორ კანდიდატს შორის, რომელმაც პირველ კენჭისყრაზე ყველაზე მეტი ხმა მიიღო. მესამე კანდიდატი კენჭისყრას ეთიშება. აქაც, გამარჯვებისთვის კანდიდატმა მინიმუმ 20 ხმა უნდა მიიღოს.
კენჭისყრის პროცესი დღის პირველ საათზე დაიწყება. სხდომის ნაწილი დახურული იქნება, ხოლო საზოგადოება პირდაპირ ეთერში მხოლოდ კენჭისყრის დაწყებასა და საბოლოო შედეგის გამოცხადებას იხილავს.